მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამი თვე და სამი ფილიალი - რა გეგმები აქვს ქართული სტრიტ-ფუდის ბრენდ "ხინკლუკას"

ხინკლუკა

სამი თვის წინ დაფუძნებული ქართული სტრიტ-ფუდის ბრენდი „ხინკლუკა“ გაფართოებას განაგრძობს. როგორც BM.GE-სთან ინტერვიუში კომპანიის დამფუძნებელმა მანო ქავთარაძემ განაცხადა, ბიზნესი, რომელიც 40 000 ლარის ინვესტიციით დაიწყო, ამჟამად ორ ფილიალს აერთიანებს, ხოლო მესამე ობიექტი დედაენის ბაღში ივლისშივე გაიხსნება.

მისი თქმით, ბიზნესის იდეა გასულ წელს, გუდაურში საცდელი პროექტის ფარგლებში დაიბადა, სადაც მინი ხინკლების სტრიტ-ფუდის კონცეფციამ მომხმარებლის დიდი ინტერესი გამოიწვია.

„გუდაურში საცდელად გავაკეთეთ მინი ხინკლების სტრითფუდის კონცეფცია. იმდენად პოპულარული გახდა და ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ გადავწყვიტე, მისთვის უკვე სერიოზული სახე მიმეცა. დაახლოებით სამი თვეა, რაც ბაზარზე ვართ, აქტიურად ვმონაწილეობთ სხვადასხვა ფესტივალშიც და იდეამ ძალიან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა,“ – ამბობს მანო ქავთარაძე.

დღეს „ხინკლუკა“ მომხმარებელს მინი ხინკლებს სხვადასხვა შიგთავსით – ხორცით, სოკოთი, სულგუნით, კარტოფილით, ნადუღითა და შოკოლადით სთავაზობს. პროდუქტის ფასი 9-18 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო ობიექტები ძირითადად გატანის პრინციპით ფუნქციონირებს.

დამფუძნებლის შეფასებით, მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა. მისი თქმით, მომხმარებლების დაახლოებით 70% ქართველია, თუმცა ტურისტულ მისამართებზე უცხოელების ინტერესიც მაღალია.

„მოთხოვნა იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით. თავიდანვე გვჯეროდა, რომ ქართული სტრითფუდის ასეთი კონცეფცია მომხმარებლის ინტერესს გამოიწვევდა, თუმცა მსგავსი მასშტაბის გამოხმაურებას ნამდვილად არ ველოდით. მოთხოვნა სწრაფი ტემპით იზრდება, ბრუნვაც მაღალია და მიღებულ შემოსავალს სრულად ბიზნესის განვითარებასა და გაფართოებაში ვაბრუნებთ. ჩვენი მომხმარებლების დაახლოებით 70% ქართველია, თუმცა განსაკუთრებით ტურისტულ ლოკაციებზე უცხოელებიც აქტიურად ყიდულობენ ჩვენს პროდუქტს“, – აღნიშნავს ქავთარაძე.

მისივე ინფორმაციით, ზაფხულის განმავლობაში კომპანია სხვადასხვა ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას, ხოლო წლის ბოლომდე სავაჭრო ცენტრებში კიდევ ერთი ან ორი ფილიალის გახსნას გეგმავს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი როგორც მანო ქავთარაძე აღნიშნავს, „ხინკლუკას“ მიზანი ქართული სტრითფუდის საერთაშორისო ბრენდად ჩამოყალიბებაა.

„ჩემი იდეა თავიდანვე იყო, შემექმნა საერთაშორისო ქართული ბრენდი. ლონდონის Borough Market-ში უამრავი ქვეყნის სტრიტ-ფუდი ვნახე, თუმცა ქართული არ იყო წარმოდგენილი. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ ქართული სტრიტ-ფუდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უნდა იყოს წარმოდგენილი. უკვე გვაქვს მოწვევა ბაქოში ფესტივალზე და ინტერესიც ინგლისიდან. აგვისტოში შეხვედრაც გვაქვს დაგეგმილი“, – აცხადებს მანო ქავთარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები