მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამინისტრო: ბაკურიანში სასტუმროების მფლობელები ამბობენ, რომ წყლის მიწოდება გაუმჯობესდა

5e1347d3793f4
თელარა გელანტია
06.01.20 18:42
1053
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელები, ტექნიკური ჯგუფები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ გუდაურსა და ბაკურიანში წყლის მიწოდებაში არსებული ხარვეზების მოსაგვარებლად.

კომპანიის ინფორმაციით, ორივე მთიან კურორტზე, სასტუმროებისა და მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას წყალი სტაბილურად მიეწოდება, ხოლო იქ სადაც წნევა დაბალია, პრობლემის მოგვარებას უახლოეს საათებში ვარაუდობენ.

„რეალურად, ამ წუთას, ჩემთან მდგომარეობა გაუმჯობესებულია და გვპირდებიან რომ ხვალ-ზეგ ეს პრობლემებიც გადაიჭრება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელი მეუბნება, რომ მიწოდების ხარისხი ჩემი შიდა პრობლემაა, რომელსაც ასევე გადამიჭრიან რაღაც პერიოდის განმავლობაში. ვიცი, რომ სხვა კომპანიებშიც მოგვარებულია უკვე ეს პრობლემა,“ - ამბობს სასტუმრო „მგზავრების“ დირექტორი ნათია ტრაპაიძე.

ბაკურიანში, კიდევ ერთი სასტუმროს „კრისტალის“ მფლობელი ვლადიმერ სტეპანიანი აღნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონზე წყალი სტაბილურად მიეწოდება.

„წელს ძალიან ბევრი დამსვენებელი გვყავს და ყველა პირობა გვაქვს იმისთვის, რომ სრულყოფილად გავუმასპინძლდეთ. ადრე ცოტა გზასთან იყო პრობლემა საცობებთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა შემოვლითი გზა გაკეთდა და ძირითადად, ეგეც განიტვირთა, წყალი და დენი კი უწყვეტად გვაქვს. ზამთრის კურორტი ცოტა სპეციფიკურია და როცა ასეთ ბიზნესში ხარ, მომზადებაა საჭირო,“ - ამბობს სტეპანიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები