საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, სამინისტრო მიიღებს ყველა ზომას, რომ 15 სექტემბერს სწავლა ყველა საჯარო სკოლაში დაიწყოს. გამონაკლისს მხოლოდ ის რამდენიმე სკოლა წარმოადგენს, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბოლო ეტაპზეა და დაგვიანება შესაძლოა რამდენიმე დღით გაგრძელდეს.
როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამინისტრო ახალი სასწავლო წლის დასაწყებად სრულ მზადყოფნაშია.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო წლის დაწყებისთვის მზად ვიყოთ. პრემიერ-მინისტრის დაპირება ინფრასტრუქტურის განახლებასთან დაკავშირებით ძალაშია და ამ მიმართულებით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. წელს ქვეყანა დაახლოებით 50 სკოლის ფარგლებში მიიღებს სრულიად განახლებულ ან ახლად აშენებულ საგანმანათლებლო დაწესებულებას“, - განაცხადა მიქანაძემ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები გარკვეულ დისკომფორტს ქმნის მშობლებისთვის, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის, ეს ცვლილებები ხორციელდება იმისთვის, რომ ბავშვებმა უკეთეს, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში მიიღონ განათლება. “ოცნების” მინისტრმა, ასევე სახელმძღვანელოებისა და ინვენტარის დროულად მიწოდებაზე ისაუბრა : „ყველა სახელმძღვანელო და საჭირო ინვენტარი შეძენილია და 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სკოლების მომარაგება. არ ველოდებით, რომ ამ მიზეზით რომელიმე სკოლაში სწავლა გადაიწევს. მაქსიმალურად ვართ მზად იმისთვის, რომ 15 სექტემბერს საქართველოს თითქმის ყველა საჯარო სკოლაში სწავლა დაიწყოს“, - აღნიშნა მან.




























