განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ინფორმაციით, ენერგოობიექტების მიერ გადახდილ ქონების გადასახადთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეკონომიკის სამინისტროსთან კომუნიკაცია გააქტიურდა.
როგორც GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა დაინტერესებულია ამ ინიციატივით და სექტორს იმედი აქვს, რომ საბოლოოდ ის კანონად იქცევა.
მაია მელიქიძის განცხადებით, შესაბამისი კანონის მიღება ხელს შეუწყობს რეგიონებში მოსახლეობასთან გაჭიანურებული მოლაპარაკებების მოგვარებას და ახალი ენერგოობიექტების მშენებლობის დაჩქარებას.
“აუცილებლად უნდა მიიღონ GREDA-ს კანონპროექტი და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ მარიამს [ქვრივიშვილს], იმიტომ, რომ ძალიან სერიოზულად მოეკიდა ამ საკითხს, ამ პროექტს და სამინისტროში ნამდვილად მიმდინარეობს მუშაობა ამ კანონპროექტთან მიმართებაში, იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ამ კანონმა დღის შუქი ნახოს. შესაბამისად, მოსახლეობამ ნამდვილად მიიღოს ის გრძელვადიანი სარგებელი, რომელსაც ისინი ელოდებიან.
ასეთი სამკუთხედი იქმნება, სახელმწიფოს სჭირდება ელექტროენერგია, იმიტომ რომ ქვეყანა თვითკმარი გახდეს და ბოლოს ისე არ გამოგვივიდეს, რომ სატრანზიტო ქვეყნად ჩამოვყალიბდეთ, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ენერგოობიექტების განვითარება, რომ მზად დავხვდეთ იმ დროს, როდესაც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ექსპლუატაციაში გაეშვება.
ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია GREDA-ს კანონპროექტის მიღება, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართვა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, აქ არ არის საუბარი იმ ჰიდროელექტროსადგურებზე, რომლებიც უკვე აშენებულია. ანუ ის თანხა, რომელიც დღეს უკვე აკუმულირდება გადასახადის სახით და შემდეგ ბრუნდება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, ის თანხა ზუსტად იდენტური რაოდენობით დარჩება. აქ არის საუბარი მომავალში ასაშენებელ ჰიდროელექტროსადგურებზე, რომელთა მიერ გადახდილი ქონების გადასახადი ზემოქმედების არეალში, ანუ იმავე სოფელსა თუ თემში უნდა დარჩეს”, - აღნიშნა მაია მელიქიძემ.
ცნობისთვის, GREDA-ს უკვე რამდენიმე წელია მომზადებული აქვს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გულისხმობს ქონების და მიწის გადასახადის გარკვეული ნაწილის უშუალოდ იმ თემსა თუ სოფელში დარჩენას, სადაც გენერაციის ობიექტები ან/და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგალითად, ელექტროგადამცემი ხაზები შენდება.




























