მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამინისტრო ტუბერკულოზის კურორტ აბასთუმანში მკურნალობის საჭიროებას ვეღარ ხედავს

BM.GE
29.03.19 09:13
874
ჯანდაცვის სამინისტროში, ტუბერკულოზის კურორტ აბასთუმანში მკურნალობის საჭიროებას ვეღარ ხედავენ და ამბობენ, რომ ამ დაავადებას არა ჰაერით, არამედ მედიკამენტურად მკურნალობა სჭირდება. ამიტომ აბასთუმნის ახალ სარეაბილიტაციო ცენტრში მხოლოდ განკურნებული ადამიანები მოხვდებიან. მინისტრის მოადგილე ფიქრობს, რომ ტუბერკულიოზით დაავადებულები სად იმკურნალებენ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მისივე თქმით, ქვეყანა გადასულია მკურნალობის მედიკამენტურ და თანამედროვე მეთოდებზე, მათ შორის ერთ–ერთია ამბულატორიული მკურნალობა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აბასთუმანში ტუბერკულიოზით მკურნალობა შესაძლებელი აღარ იქნება და ახალ სარეაბილიტაციო ცენტრში, რომელიც აბასთუმანში შენდება, მხოლოდ განკურნებული ადამიანები მოხვდებიან. სამინისტროს ჯერ–ჯერობით არ აქვს გეგმები იმ ძველ შენობასთან დაკავშირებით, რომელშიც ჯერ კიდევ ტუბსაავადმყოფოა განთავსებული. ტუბერკულიოზის მკურნალობის მედიკამენტურ მეთოდებზე საუბრობენ ტუბერკულიოზისა და ფილტვით დაავადებათა ეროვნულ ცენტრშიც, მისი წარმომადგენელი ნანა ქირია "სამხრეთის კარიბჭესთან" განმარტავს, რომ "მსოფლიომ ტუბერკულოზის სამკურნალოდ კლიმატოთერაპიულ მეთოდზე უარი თქვა ანტიტუბერკულოზური მედიკამენტების სინთეზირების შემდეგ. დადგენილია, რომ კლიმატოთერაპია არ იწვევს ტუბერკულოზისაგან განკურნებას. განკურნება შესაძლებელია მხოლოდ ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებით, რომლებიც ანადგურებენ ტუბერკულოზის გამომწვევს ადამიანის ორგანიზმში". ცენტრის ინფორმაციით, გასულ წლებთან შედარებით, ბოლო წლებში ტუბერკულიოზით დაავადებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და ეს მკურნალობის ახალმა მეთოდებმაც გამოიწვია. აღნიშნული ცენტრი 250 საწოლზეა გათვლილი და ახლა აქ 160 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის ექვსი, რამდენიმე დღის წინ, აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოდან გადაიყვანეს. რაც შეეხება სამცხე–ჯავახეთს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ინფორმაციით, 2019 წელს ტუბერკულიოზის სამი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ორი ახალციხეში და ერთი ბორჯომში. სხვა მუნიციპალიტეტებში არცერთი შემთხვევა ფიქსირდება.

http://sknews.ge/index.php?newsid=21970&fbclid=IwAR03ur1C0bGAKR9yxkNIO-HH5UljM0VIgGausCcAfOCy8vCC1rOgNtxo4c0.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები