მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამინისტრომ დავით ხიდაშელის კომპანიას რაჭის ტყის გადაცემის პროცესი შეუჩერა

64b901a19a4ad
BM.GE
13.09.23 17:10
3379

დღეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” რაჭის ტყეების გადაცემის პროცესი შეუჩერდა. კომპანია ადგილზე სამონადირეო მეურნეობის განვითარებას ისახავდა მიზნად. თუმცა როგორც სამინისტროს განცხადებიდან ირკვევა, კომპანიას ტერიტორიის განვითარების გეგმა და არც გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესაბამისი ანგარიში წარდგენილი არ აქვს. 

"სამონადირეო მეურნეობა შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი შეჩერებულია.

კომპანიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამ დრომდე არ წარმოუდგენია არც სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა და არც ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე, კომპანიის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რომელიც ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა. ამბროლაურის სასამართლომ, 2023 წლის 24 ივლისს შპს "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა"-ს მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 27 ივლისს გაასაჩივრა, დღეს არსებული მდგომარეობით სააპელაციო სასამართლოს დადგენილება წარმოდგენილი არ არის", - ნათქვამია განცხადებაში. 

ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიას სახელმწიფომ 104,712 ჰექტარი ტყის ფართობი 49 წლის ვადით სარგებლობაში გადასცა, რაც თავის მხრივ 1,047 კვადრატული კილომეტრის ტოლია.  შესაბამისად, ბიზნესმენის კომპანია ამჟამად მთლიანი რაჭის ფართობის (2,893 კვ. კმ.) ერთ მესამედზე მეტის განკარგვის ლიცენზიანტია. სალიცენზიო პირობების თანახმად, ადგილზე სამონადირეო მეურნეობა უნდა განვითარდეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ივლისში გავრცელებული განცხადების მიხედვით, "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას" მიმართ სამართალდარღვევის ოქმები შედგა. როგორც აღნიშნული განცხადებიდან გაირკვა, კომპანიამ დაარღვია პირობა, რაც მისი სალიცენზიო არეალის განვითარების გეგმის შედგენას და ამ გეგმის სახელმწიფოსთვის წარდგენას ითვალისწინებდა. აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენა კომპანიას 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ევალებოდა. ამასთან, კომპანიას არც სალიცენზიო პირობების დაცვის ანგარიში არ წარუდგენია სახელმწიფოსთვის.

BMG აღნიშნულთან დაკავშირებით ბიზნესმენ დავით ხიდაშელს დაუკავშირდა, რომლის კომენტარს მკითხველს მიღებისთანავე შევთავაზებთ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები