მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამინისტროს EU-ის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტში 12 ადამიანი იყო, დღეს 2-3-ია - დავით ბაზერაშვილი

დავით ბაზერაშვილი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი, დავით ბაზერაშვილი ამბობს, რომ სამინისტროში დეპარტამენტი, რომელიც ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე იყო პასუხისმგებელი, დამოუკიდებლად აღარ არსებობს, ასევე შემცირებულია იქ მომუშავე ადამიანთა რიცხვიც.

როგორც მან "წერტილში" განაცხადა, ეს არის პირდაპირი დასტური იმისა, რომ ქვეყანა არ აპირებს გაწევრიანების პროცესში სავალდებულო მოთხოვნების შესრულებას.

"საგარეო საქმეთა სამინისტროში შენარჩუნდა ევროკავშირის დეპარტამენტი, მაგრამ ე.წ რეორგანიზაციამდე არსებული სტრუქტურა მოიცავდა ევროკავშირის გენერალურ დირექტორატს, რომელშიც იყო ორი დეპარტამენტი, ერთი ევროინტეგრაციის დეპარტამენტი, რომელიც უძღვებოდა პოლიტიკურ მოლაპარაკებებს და მსგავს პროცესს, ხოლო მეორე - ჩვენი დეპარტამენტი, რომელიც უშუალოდ ევროკავშირში ინტეგრაციაზე იყო მიმართული და ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე მუშაობდა. ახლა შეიქმნა რაღაც ერთიანი დეპარტამენტი, რომელშიც არა მხოლოდ ევროკავშირის, ზოგადად ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების დეპარტამენტიც გაერთიანდა.

ანუ რეალურად შემცირდა იმის ნაცვლად, რომ გაფართოებულიყო და კადრებიც მომატებულიყო, რადგან თუ გვინდა, რომ 2030 წლამდე ეს ტექნიკური სამუშაო შევასრულოთ, პირიქით მეტი კადრი გვჭირდება. ახლა მაგალითად, ჩვენს დეპარტამენტში 12 ადამიანი იყო, დღეს თუ არ ვცდები, სამი თუ ორი ადამიანია ამ მიმართულებით მომუშავე.

ამ ფაქტს, მოგეხსენებათ, წინ უსწრებდა განცხადება, რომ აღარ გვინდა მოლაპარაკებების წარმოება და დღის წესრიგიდან ვხსნით 2028 წლამდეო. თუ ამ საკითხს დღის წესრიგიდან ვხსნით, მაშინ შესაბამისად რესურსიც ნაკლები გვჭირდება. ამიტომაც გავაკეთეთ ის განცხადება, რომ ეს იყო არათუ მინიშნება, არამედ პირდაპირი განაცხადი, რომ ჩვენ ვუხვევთ ამ გზიდან და ამ მიმართულებით აღარ მივდივართ 2028 წლამდე", - აცხადებს დავით ბაზერაშვილი.

მან ასევე ისაუბრა იმ ეკონომიკურ სარგებელზე, რაც შეიძლება საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას მიეღო.

"კანდიდატის სტატუსი უკვე სერიოზულია. ჩვენ უკვე ველოდებოდით არა მხოლოდ ევროპის კავშირის ფონდებიდან დახმარებას, არამედ თვითონ მისი წევრი ქვეყნებიდანაც კონკრეტულ ინვესტიციებს. რატომ ააშენა უდიდესმა იტალიურმა ავტომწარმოებელმა Fiat-მა ქარხნები სლოვაკეთსა და პოლონეთში, მანამ სანამ ეს ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანდებოდნენ? იმიტომ, რომ კანდიდატის სტატუსი მოიპოვეს და იციან, რომ იქ მათთვის ხელსაყრელი ბიზნესგარემო იქნება, რომ იქ არის სამართლიანი სასამართლო, დემოკრატია, და შესაბამისად ეს ქვეყნები წევრები გახდებიან და საბაჟო ბარიერები არ იქნება, მუშახელიც უფრო იაფია. აქედან გამომდინარე, წინ წაიგდეს საქმე", - ამბობს ბაზერაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები