მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამინისტროს ინფორმაციით, Lufthansa-ს ოფიციალურად ეცნობება, რომ საქართველოში ფრენის უფლება მიიღო

5f074d321e2ac
შოთა ტყეშელაშვილი
09.07.20 20:48
1619
დღეს გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ BMG-ის კითხვაზე თუ როდის განაახლებს ავიაკომპანია საქართველოში ოპერირებას განაცხადა, რომ ქვეყანაში ოპერირების დაწყება 2 აგვისტოდან განიხილება, თუმცა ამისთვის ავიაკომპანიას ჯერ-ჯერობით საქართველოს მთავრობის დასტური ესაჭიროება. ოფიციალური დასტურის მიღების შემდგომ კი ავიაკომპანია კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს მიუნხენი-თბილისის ფრენებს. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობამ Lufthansa-ს ფრენების შესრულების უფლება დღეს მიანიჭა, რის შესახებაც ავიაკომპანიას სპეციალური საინფორმაციო სისტემით ეცნობება. 

საქართველოს მთავრობამ 9 ივლისს სხდომაზე დაამტკიცა ცვლილება მთავრობის # 322 დადგენილებაში „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“. ცვლილება, რომელიც შეეხებოდა პირდაპირი რეგულარული საერთაშორისო რეისის აღდგენას თბილისსა და მიუნჰენს შორის, ინიცირებული იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ლევან კარანაძის განცხადებით, სააგენტომ გერმანულ ავიაკომპანია Lufthansa-სთან უკვე გამართა კონსულტაციები, რომლის თანახმადაც ავიაკომპანიამ გამოთქვა მზაობა, ყველაზე გვიან აგვისტოში დაიწყოს რეგულარული ფრენები თბილისსა და მიუნხენს შორის თავდაპირველად კვირაში ორი რეისის სიხშირით. მისი თქმით, ამის წინაპირობად დასახელდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ „ნოტამ“ - ში (საერთაშორისო საავიაციო არხებში დაგზავნილი ინფორმაცია არსებული რეგულაციების შესახებ) არსებულ შეტყობინებაში ცვლილება შეტანა ფრენების შესრულებაზე შეზღუდვის მოხსნის თაობაზე.

"დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო შეძლებს, უკვე ფორმალურადაც აცნობოს ავიაკომპანია Lufthansa-ს „ნოტამ“- ში ცვლილების შეტანის შესახებ,“ - განაცხადა ლევან კარანაძემ.

Lufthansa-ს პასუხი BMG-ის:

"Lufthansa-ს შეუძლია დაადასტუროს, რომ ავიაკომპანია 2 აგვისტოდან გეგმავს დაიწყოს ფრენები კვირაში ორი სიხშირით მიუნხენი-თბილისის რეისეზე, ხოლო 31 აგვისტოდან ვგეგმავთ, რომ სიხშირეები 3-მდე გავზარდოთ. თუმცა, ფრენების განხორციელებაზე კვლავ ველით საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა დასტურს, რაც ამ დრომდე არ მიგვიღია,"- ნათქვამია Lufthansa-ს პასუხში. 

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ გუშინ განაცხადა, რომ 5 ქვეყნის მოქალაქისთვის იგეგმება საზღვრების გახსნა. მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები Lufthansa-სთან, AirBaltic-თან და AirFrance-თან მიმდინარეობს.

COVID-19-ის კრიზისამდე Lufthansa კვირაში 7 სიხშირით დაფრინავდა, ზაფხულის სეზონზე კი ავიაკომპანიის სიხშირეების რაოდენობა უფრო მაღალიც იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები