მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სანქციების გამო ირანთან მფრინავი ავიაკომპანიების ოპერირება შეიზღუდება - ავიაციის სააგენტო

Sepehran Airlines

საქართველო აქტიურად იცავს და უზრუნველყოფს საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების შესრულებას, რაც საავიაციო სექტორსაც ეხება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ქართული მხარე ირანის მიმართულებით მოქმედ ავიაკომპანიებთან მიმართებითაც საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით იმოქმედებს.

უწყების განმარტებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაჟღერებული გაფართოებული სასანქციო ნუსხა მოიცავს იმ ავიაკომპანიებს, რომლებიც ამჟამად საქართველოსა და ირანს შორის საჰაერო მიმოსვლას ახორციელებენ.

უცხოური ავიაკომპანიების დაშვებისას საქართველო ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) სტანდარტებითა და საერთაშორისო შეთანხმებებით;

ქვეყანა ითვალისწინებს ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებულ სასანქციო მექანიზმებს;

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტო წლებია ხელმძღვანელობს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის სანქცირებულთა სიით (SDN List) და OFAC-ის მიერ ადმინისტრირებული ყველა სხვა ნუსხით.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ამ მექანიზმის ფარგლებში საქართველოს წარსულშიც ჰქონდა შეზღუდული რამდენიმე ავიაკომპანიის ოპერირება და ქვეყანა მომავალშიც ზედმიწევნით უზრუნველყოფს საერთაშორისო მოთხოვნების დაცვას.

შეგახსენებთ, აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანია Sepehran Airlines-მა 9 სექტემბერს თეირანიდან თბილისში რეისი შეასრულა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მონაცემებით, თვითმფრინავი 11:51 საათზე ჩამოფრინდა.

აშშ-მა ირანული ავიაკომპანიებისთვის სანქციების სია 8 სექტემბერს გააფართოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები