ამერიკის სანქციების შედეგად ირანის საავიაციო სექტორი გაჩერდა. ათიოდე დღე დასჭირდა აშშ-ის მთავრობას იმისთვის, რომ მისივე ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის [OFAC] მიერ გამოცემული ბრძანება აღესრულებინა. შედეგად ირანულმა ავიაკომპანიებმა მსოფლიოს მასშტაბით 23 სექტემბრიდან ფრენები გააჩერეს.
21 სექტემბრიდან ირანულმა კომპანიებმა ფრენები შეწყვიტეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც. საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ღიად ამბობს, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციებს არ უერთდება, რადგან მათი განცხადებით, ეს ქართულ ეკონომიკას დააზიანებს, მაინც მოუწია საერთაშორისო სასანქციო რეჟიმის აღსრულება. აშშ-ის სანქციების გამოცხადებიდან ორ დღეში სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიები საქართველოდან აღარ იფრენდნენ. მართლაც ბოლო რეისები მათ თბილისის აეროპორტში 20 სექტემბერს შეასრულა.
"საქართველო აქტიურად იცავს და უზრუნველყოფს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების შესრულებას. ეს ეხება საავიაციო სექტორსაც. საავიაციო ბაზარზე უცხოური ავიაკომპანიების დაშვების პროცესში საქართველო ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის სტანდარტებითა და ორმხრივი თუ მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმებებით. საქართველო მომავალშიც ზედმიწევნით უზრუნველყოფს საერთაშორისო მოთხოვნების დაცვასა და გააგრძელებს აღნიშნული მექანიზმებით ხელმძღვანელობას. შესაბამისად, ვინაიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაჟღერებული გაფართოებული სასანქციო ნუსხა მოიცავს ავიაკომპანიებს, რომლებიც დღეის მდგომარეობით ასრულებენ საჰაერო მიმოსვლას საქართველოსა და ირანს შორის, ქართული მხარე როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც იმოქმედებს საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით", - ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აშშ-მა ჯამში 27 ირანული ავიაკომპანია დაასანქცირა მათგან ექვსი საქართველოში დაფრინავდა. პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველო ირანს ორმხრივ სანქციებს არ უწესებს და უბრალოდ სასანქციო რეჟიმს იცავს.
"იცით, რომ სასანქციო რეჟიმებს ვითვალისწინებთ. იყო შესაბამისი სანქციები ამოქმედებული და გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ყოველთვის ითვალისწინებს სასანქციო რეჟიმებს, სხვადასხვა ქვეყნის მიმართ, როდესაც კონკრეტული ინსტიტუტები და სახელმწიფოები აწესებენ ასეთ სანქციებს, მივიღეთ ჩვენც შესაბამისი გადაწყვეტილება, რაზეც ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება. ჩვენ ვითვალისწინებთ სასანქციო რეჟიმს. ვმოქმედებთ შემოღებული სასანქციო რეჟიმის შესაბამისად. ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი", - აცხადებს კობახიძე.
საქართველოს მსგავსად ირანულ ავიაკომპანიებს ფრენები მეზობელმა ქვეყნებმა აზერბაიჯანმაც და თურქეთმაც შეუზღუდეს. Cnbc-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თავადვე ისაუბრა იმ შედეგებზე, რაც იმ ქვეყნებისთვის დადგებოდა თუ ისინი ამერიკულ სანქციებს არ შეასრულებდნენ.
"23 სექტემბრიდან მთელ მსოფლიოში ირანული ავიაკომპანიების საქმიანობა გაჩერდება. და როგორ გავაკეთებთ ამას? თუ ისინი დაფრინდებიან თქვენ ვერ მიაწვდით საწვავს, ვერ გაუწევთ ადგილზე სხვადასხვა სახის მომსახურებას, ვერ მიჰყიდით ბილეთებს. და თუ ამას იზამთ დოლარის სისტემიდან გაითიშებით. მთელ მსოფლიოში თვალს ვადევნებთ მათ ვინც ამაში ხელს უწყობს, თუმცა ჩვენ ვიცი ვინ არიან ისინი და ამას წერტილს ვუსვამთ", - განაცხადა სკოტ ბესენტმა.
ავიაციის ექსპრტი იასე ზაუტაშვილი განმარტავს რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ სანქცირებული ავიაკომპანიები გააგრძელებდნენ ფრენებს.
"თუ სანქციების ქვეშ მყოფ ავიაკომპანიას საქართველოში მოემსახურება მაგალითად, თბილისის აეროპორტი (მისცემს დასაფრენ ბილიკს, გაუწევს შიდა სერვისებს) და ამაში ირანული ავიაკომპანია აეროპორტს თუნდაც 1 დოლარს გადაუხდის, ჩვენი საწარმოს მიმართ (იქნება ეს თბილისის აეროპორტი თუ ნებისმიერი სხვა ქართული ჰონდლინგური კომპანია, რომელიც თუნდაც საწვავს ჩაუსხამს ირანულ ბორტს), ავტომატურად გავრცელდება მეორადი სანქციები. ანუ ეს ქართული კომპანიაც სანქციების ქვეშ მოჰყვება. ეს არის ტოქსიკური ფული, რომელთან შეხებაც დამღუპველია. ამიტომ, ასეთ რისკზე რა თქმა უნდა, არავინ წავა", - ამბობს ზაუტაშვილი.
საავიაციო სექტორის სანქცირებას ირანმა მუქარით უპასუხა. თეირანი იმუქრება, რომ თუ ირანულ ავიაკომპანიებს ფრენებს აუკრძალავენ მეზობელი ქვეყნების აეროპორტები ვერ იმუშავებენ. “თუ შეერთებული შტატების გვერდით დადგებით, ჩვენ გულხელდაკრეფილნი არ ვიქნებით“ - ასეთია ირანის პოზიცია.
რუსეთისგან განსხვავებით, საიდანაც საქართველოში ფრენებს არასანქცირებული ავიაკომპანიები ასრულებენ და ქართული Georgian Airways-ც დაფრინავს, 21 სექტემბრიდან საქართველო-ირანს შორის ფრენები და შესაბამისად პირდაპირი კავშირიც შეწყდა. მიუხედავად იმისა, რომ ირანის წილი ქართულ ტურიზმში დიდი არ არის და 3%-ც კი არ შეადგენს, ეროვნული ტურიზმისთვის ირანიდან ვიზიტორები მაინც დანაკარგია. 2025 წელს საქართველომ ირანიდან 124 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. წელს ომის გამო ირანიდან ტურისტების რიცხვი 49%-ით, ხოლო შემოსავლები 65%-ით შემცირდა. ჯამში, 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველომ 29 397 ირანელი ვიზიტორისგან 19.9 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.
























