ტურიზმის მიმართულებით გვაქვს არაჩვეულებრივი ტენდენციები, სამჯერ არის გაზრდილი სასტუმროების რაოდენობა გასული 12 წლის მანძილზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაბა სიონში ახალი სასტუმროს და დასასვენებელი კომპლექსის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 800-მდე სასტუმრო ფუნქციონირებდა მთელი ქვეყნის მასშტაბით 2012 წლისთვის, დღეის მონაცემებით კი, ტურიზმის სექტორს 1600-მდე სასტუმრო შეემატა.
მისივე განცხადებით, მთავრობის მხრიდან ტურიზმისა და ასეთი ტიპის პროექტების მხარდაჭერა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
„მიხარია, რომ დღეს აქ ვარ და ვესწრები ამ არაჩვეულებრივი პროექტის პრეზენტაციას. გამორჩეული სასტუმრო კომპლექსი შენდება, ყველა პირობა იქნება შექმნილი იმისთვის, რომ დასვენების საშუალება ჰქონდეთ ადამიანებს. ზოგადად, ტურიზმის მიმართულებით ახალ-ახალი ინიციატივებისთვის, ახალი მოტივაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის „Le MERIDIEN“-ის ბრენდი. ადგილი არაჩვეულებრივია, ძალიან ბევრ ჩვენგანს სიონის ტბაზე გვაქვს გატარებული ბავშვობა და ისეთ გარემოა შექმნილი, რომელიც საუკეთესო საშუალებას იძლევა სასტუმრო ინფრასტრუქტურის იდეალური განვითარებისთვის.
ზოგადად, ტურიზმის მიმართულებით გვაქვს არაჩვეულებრივი ტენდენციები, სამჯერ არის გაზრდილი სასტუმროების რაოდენობა გასული 12 წლის მანძილზე, 800-მდე სასტუმრო ფუნქციონირებდა მთელი ქვეყნის მასშტაბით 2012 წლისთვის და დღეს, დამატებით, არის 1600-მდე სასტუმრო შემატებული ჩვენს ტურიზმის სექტორს. 85 000 ახალი ადგილი გვაქვს ამ სასტუმროებში, მაშინ, როდესაც მხოლოდ 23 000 იყო ადგილების რაოდენობა 12 წლის წინ.
რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება მთავრობის მხრიდან ტურიზმის მხარდაჭერა, ასეთი ტიპის პროექტების მხარდაჭერა. ასეთი ტიპის პროექტები ნიშნავს მეტ დასაქმებას, ეკონომიკის გაძლიერებას, რეგიონების გაძლიერებას და რა თქმა უნდა, მცხეთა-მთიანეთის რეგიონისთვის არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამ პროექტის განხორციელება,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა კომპანია „არქის“, პროექტის ინიციატორებსა და ყველას, ვინც მის განხორციელებაშია ჩართული.
„მინდა, გისურვოთ ამ პროექტის წარმატებით განხორციელება, ბიზნესის გაფართოება და ძალიან ბევრი სტუმარი. ტურიზმის წარმატება, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის წარმატებაა და მომავალში ძალიან ბევრ რამეს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ეკონომიკის ეს დარგი,“- განაცხადა პრემიერმა.