საჯარო სკოლების ნაწილს სასწავლო პროცესის დროებით საკუთარ შენობაში გაგრძელების შესაძლებლობა მიეცა, ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვამდე, ნაწილი კი კვლავ დისტანციურ სწავლებაზე რჩება. პარალელურად, მუნიციპალური განვითარების ფონდი პრიორიტეტულად განსაზღვრული სკოლების შენობების ტექნიკურ მდგომარეობას სწავლობს, რათა გადაწყდეს, რომელ ობიექტებს სრული რეაბილიტაცია დასჭირდება და სად გახდება ახალი შენობის მშენებლობა საჭირო.
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2025-2026 წლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის პრიორიტეტული სკოლები მთავრობის 2025 წლის 30 ივლისის №302 დადგენილების საფუძველზე შეირჩა. მათი ჩამონათვალი რეაგირებისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცა. თითოეულ სკოლაში ჩასატარებელი სამუშაოების ტიპს, მოცულობასა და ვადებს შესაბამისი უფლებამოსილი უწყებები განსაზღვრავენ.
უწყების ცნობით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე დაიწყო სკოლების შენობების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა. შეფასების მიზანია, თითოეული ობიექტისთვის საჭირო ღონისძიების განსაზღვრისთვის სათანადო ტექნიკური საფუძვლის მომზადება - იქნება ეს სრული რეაბილიტაცია თუ ახალი შენობის მშენებლობა.
მათივე განმარტებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, მათი საუკეთესო ინტერესებისა და განათლების მიღების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საკითხის შესწავლამდე სკოლებში სწავლა დისტანციურ ფორმატში გაგრძელდა.
თუმცა, ბიუროსგან მიღებული დაზუსტებული ინფორმაციისა და უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, სკოლების ნაწილს სასწავლო პროცესის დროებით საკუთარ შენობაში გაგრძელების უფლება მიეცა. ეს გადაწყვეტილება ექსპერტების მიერ განსაზღვრული სამუშაოების პარალელურად იმოქმედებს. სამინისტროს განცხადებით, სამუშაოები ტექნიკური ზედამხედველობისა და უსაფრთხოების კონტროლის პირობებში შესრულდება, ვიდრე შენობებში ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო ღონისძიებები დაიგეგმება და განხორციელდება.
ხოლო იმ სკოლებისთვის, სადაც დისტანციური სწავლება კვლავ გაგრძელდება, დროებითი ალტერნატიული ფართითა და მოსწავლეთა ტრანსპორტირებით უზრუნველყოფის საკითხი განიხილება.
ამასთან, სამინისტრო განმარტავს, რომ ცალკეულ საჯარო სკოლებში, სადაც სასკოლო საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სასწავლო პროცესი ერთი ან ორი დღით შეჩერდა, გაცდენილი სასწავლო დღეების აღდგენა შაბათ დღეს განისაზღვრა. ეს გადაწყვეტილება ეროვნული სასწავლო გეგმის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად მიიღეს.
























