დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოსთვის ეფექტიან თავდაცვისუნარიანობას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს, რომლის უზრუნველსაყოფად საქართველოს ჰყავს თავდაცვის ძალები.
თავდაცვისუნარიანობის განვითარების ერთ-ერთი საწყისი და მნიშვნელოვანი წინაპირობაა სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შესაბამისი განათლებით და საბრძოლო მომზადებით უზრუნველყოფა.
სამხედრო განათლება მოიცავს საფეხურებრივი განათლების სისტემას, რომელიც შედგება დაწყებითი, საწყისი, ძირითადი და უმაღლესი განათლების ეტაპებისგან. გარდა ამისა, საქართველოში მოქმედებს სამხედრო სავალდებულო სამსახური.
სამხედრო განათლების მიმართულებით უკანასკნელ პერიოდში განხორციელდა სხვადასხვა რეფორმა, რომლებიც ითვალისწინებს საქართველოში თანამედროვე მოთხოვნებთან თავსებადი, მაღალპროფესიული, ბრძოლისუნარიანი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებას, რაც შეიძლება დადებითად შეფასდეს.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სამხედრო განათლების მიღების პროცესში გამოვლინდა სხვადასხვა ხარვეზი, ნაკლოვანება და გამოწვევა. აუდიტის შედეგად გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც ხელს შეუწყობს სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციას, განათლების სისტემების ხარისხობრივ გაუმჯობესებას და გაზრდის აღნიშნული სისტემის ეფექტიანობას.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
სამოქმედო გეგმის ნაკლოვანებები
2020-2021 წლებში სამხედრო განათლების სისტემის განმახორციელებელ სტრუქტურულ ერთეულებს შემუშავებული ჰქონდათ სტრატეგიული მიმოხილვისა და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმები, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში არ მიმდინარეობდა შესრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშების შედგენა. ამასთანავე, სამოქმედო გეგმებში განსაზღვრული მიზნები ზოგად ხასიათს ატარებდა, დეტალურად არ იყო გაწერილი კონკრეტულ წელს მიზნის მისაღწევად განსახორციელებელი აქტივობები და არ იყო წარმოდგენილი შეფასების ინდიკატორები. შესაბამისად, აუდიტმა ვერ უზრუნველყო გეგმით დასახული სხვადასხვა მიზნის მისაღწევად განხორციელებული აქტივობების ზუსტი და სრული შეფასება.
დაწყებითი სამხედრო განათლების მიღების პროცესში არსებული ნაკლოვანებები
დაწყებითი სამხედრო მომზადების პროგრამას ახორციელებს სსიპ − გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, რომელიც უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას საშუალო საფეხურზე (X, XI, XII კლასი) ეროვნული და ლიცეუმის სასწავლო გეგმის შესაბამისად. დაწყებითი სამხედრო განათლების მიღების პროცესში გამოვლინდა რამდენიმე ძირითადი ნაკლოვანება და გამოწვევა, კერძოდ:
- ლიცეუმის წესდებით მკაფიოდ არ არის გაცხადებული მისი მთავარი დანიშნულება − მოამზადოს მოსწავლეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში შემდგომი სწავლისთვის და საქართველოს თავდაცვის ძალებში მომავალი კარიერისთვის, რაც რეალურად სამხედრო სკოლის მთავარი დანიშნულება უნდა იყოს, კადეტის მიერ პირველადი სამხედრო ცოდნისა და უნარების შეძენასთან ერთად.
- არსებული ლოჯისტიკური რესურსიდან გამომდინარე, ლიცეუმი ახორციელებს მსურველთა, საშუალოდ, მხოლოდ 30%-ის მიღებას.
- 2017-2020 წლების ანალიზის შედეგად, ჩარიცხული მოსწავლეებიდან სწავლების სხვადასხვა ეტაპზე საშუალოდ 40%-მა შეწყვიტა სწავლა და ამოირიცხა ლიცეუმიდან.
- ლიცეუმდამთავრებულ აბიტურიენტთა საშუალოდ 50-60% აგრძელებს სწავლას სხვადასხვა სასწავლებელში და არა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში. ამასთანავე, 2016, 2017, 2018 წლებში კადეტთა სამხედრო ლიცეუმდამთავრებული 215 კადეტიდან ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩაირიცხა − 103 (48%). აქედან, აკადემია დაასრულა 59-მა პირმა (57%), რომელთაგან დღეის მდგომარეობით თავდაცვის ძალებში ირიცხება 50 ოფიცერი. აღნიშნული მაჩვენებლები არ არის ეფექტიანი და ვერ უზრუნველყოფს სამინისტროს სამოქმედო გეგმებით დასახული მიზნების მიღწევას.
- კადეტებისთვის არ არის შემუშავებული და დანერგილი შესაბამისი შეღავათები/სარგებელი, გააგრძელონ სწავლა სამხედრო მიმართულებით ეროვნული თავდაცვის აკადემიაში.
- ლიცეუმს ოფიციალურად არ აქვს ინფორმაცია კადეტების მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგებისა და შესაბამის უნივერსიტეტებში მოხვედრის შესახებ, რაც მნიშვნელოვანია ლიცეუმში სასწავლო პროცესის ეფექტიანი მართვის ხელშეწყობისთვის.
საწყისი სამხედრო განათლების მიღების პროცესში არსებული ნაკლოვანებები
საწყისი სამხედრო განათლების პროგრამას ახორციელებს სსიპ − დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია, სადაც სამხედრო განათლება ინტეგრირებულია აკადემიურ განათლებასთან. ბაკალავრიატის დონეზე აღნიშნული მოიცავს ოფიცრის საწყისი სამხედრო და აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურს. მაგისტრატურის დონეზე − ოფიცრის შუალედური სამხედრო (სამეთაურო-საშტაბო) განათლებისა და აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის ინტეგრაციას.
ოფიცერთა საწყისი განათლების პროცესში გამოვლენილი გამოწვევები, რომლებიც გავლენას ახდენს თავდაცვის ძალების ოფიცრებით დაკომპელქტების პროცესზე:
- თავდაცვის ძალების ოფიცრებით შევსების ერთადერთ წყაროს თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში არსებული საბაკალავრო პროგრამებისა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსდამთავრებულები წარმოადგენენ. აღნიშნულ პროგრამებზე განსაზღვრული კვოტები და კურსდამთავრებულთა რაოდენობა სრულად ვერ უზრუნველყოფს თავდაცვის ძალების ოფიცრებით დაკომპლექტებას საჭიროების შესაბამისად. აღნიშნულის მიზეზია შემდეგი გარემოებები: საბაკალავრო და საკანდიდატო კურსზე ერთობლივად, წლის განმავლობაში არსებული კვოტები ნაკლებია შევსების საჭირო რაოდენობასთან მიმართებით, განსაზღვრული კვოტები ვერ ივსება სრულად, ჩარიცხული იუნკერების საშუალოდ მხოლოდ 57% და მსმენელების 67% ამთავრებს სასწავლებელს. სამინისტროს განმარტებით, აკადემიის მიერ განსაზღვრული ყოველწლიური კვოტის სრულად ვერ შევსება და იუნკერთა მიერ სწავლის სხვადასხვა ეტაპზე შეწყვეტა, გამოწვეულია აპლიკანტთა გარკვეული რაოდენობის მიერ დაწესებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების ვერ დაძლევით და იუნკერთა მიერ სამხედრო ცხოვრების წესებთან შეუგუებლობით. ამასთანავე, 2020-2022 წლებში საბაკალავრო და საკანდიდატო კურსდამთავრებულთაგან, დღეის მდგომარეობით, 73% ირიცხება თავდაცვის ძალების შემადგენლობაში.
- თავდაცვის ძალების ოფიცრებით დაკომპლექტების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს რეზერვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი, რომელიც შეწყდა 2013 წელს. განახლებული პროგრამა უნდა ამოქმედებულიყო 2022 წლის სექტემბერში, თუმცა 2023 წლის მაისის მდგომარეობით პროგრამა დასრულებული არ არის და კურსზე სწავლებები არ მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის კოდექსით განისაზღვრა რეზერვის უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამა.
- 2018-2022 წლებში საკანდიდატო კურსზე ჩარიცხვის მსურველთა რაოდენობამ შეადგინა 327 პირი, საიდანაც 74 ვერ ჩაირიცხა კურსზე, მათ შორის, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებიც.
- 2019 წელს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში აკრეტიდაცია მიიღო „მექანიკის ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამამ, რომელზეც მიღება 2021 წლამდე არ განხორციელებულა. პროგრამის შექმნის მთავარი მიზანი იყო თავდაცვის ძალებში საინჟინრო სპეციალისტების
- საჭიროება ლოჯისტიკის, საჰაერო თავდაცვის, საინჟინრო, ავიაციის და სხვა გვარეობებში.
- იპროგრამისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით აკადემიისა და სამინისტროს მიერ 2018-2022 წლებში ჯამში დაიხარჯა 376,964 ლარი. თავდაცვის სამინისტროსთვის „მექანიკის ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამის მნიშვნელობის მიუხედავად, პროგრამაზე ჩართულობის მაჩვენებელი დაბალია, კერძოდ, 2021-2022 წლებში სულ ჩარიცხულია მხოლოდ 19 იუნკერი, მათგან დღეის მდგომარეობით აქტიური სტატუსი აქვს 15-ს, რისი მიზეზიც ქვეყანაში აღნიშნული სპეციალობის დაუფლების მსურველთა კლებად დინამიკასთან ერთად, აკადემიის მიერ ქვეყნის მასშტაბით არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლებში განხორციელებული არასაკმარისი საინფორმაციო კამპანიაა.
- მიუხედავად იმისა, რომ აკადემია პერმანენტულად უზრუნველყოფს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს იუნკერებთან, საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული იუნკერებიდან, გამოკითხულ პირველკურსელთა 35%-ს არ აქვს ინფორმაცია საერთო საჯარისო ცენტრისა და სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობების შესახებ, რომელზეც სწავლა უნდა გააგრძელონ, რაც საინფორმაციო კამპანიის გაძლიერების აუცილებლობაზე მიუთითებს.
აკადემიაში არსებულ სამაგისტრო პროგრამებზე ჩართულობის დაბალი მაჩვენებელი გამოწვეულია პროგრამებზე ჩარიცხვისთვის დაწესებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებით და უწყებათა შორის არასათანადო კოორდინაციით, კერძოდ:
- 2020-2021 წლებში იუნკერებს, რომლებმაც დაამთავრეს საბაკალავრო პროგრამა აკადემიაში, არ შეეძლოთ იმავე სასწავლებელში მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება, ვინაიდან არ არსებობდა აკრედიტებული სამაგისტრო პროგრამა ლეიტენანტებისთვის, ხოლო არსებულ სამაგისტრო პროგრამებზე მოხვედრა შესაძლებელი იყო კაპიტნის წოდებიდან. 2022 წლიდან უსაფრთხოების კვლევების და სახელმწიფო რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელება შესაძლებელი გახდა ლეიტენანტის წოდებიდან.
- ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად, თანამედროვე გამოწვევების, ახალ და გაუთვალისწინებელ გარემოში მოქმედების და კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამაზე კვოტები განსაზღვრულია როგორც თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების (მაიორი − პოლკოვნიკი), სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირად შემადგენლობის, ასევე უსაფრთხოების სექტორის მოქმედი თანამშრომლებისთვის. 2016-2021 წლებში სამაგისტრო პროგრამაზე სულ ჩააბარა 41-მა პირმა, საიდანაც დღეის მდგომარეობით სამაგისტრო პროგრამა დაასრულა მხოლოდ − 30-მა (73%). ამასთანავე, სამაგისტრო პროგრამაზე უსაფრთხოების სექტორის მხოლოდ 2 თანამშრომელი იყო ჩართული, რაც ვერ ჩაითვლება ეფექტიან მაჩვენებლად პროგრამის შექმნის მიზანთან მიმართებით.
- თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამა მოიცავს შუალედური სამხედრო განათლების სამეთაურო საშტაბო კურსს (CGSC). პროგრამის საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც დამოუკიდებლად გავლილი აქვთ აღნიშნული (CGSC) კურსი, არ აქვთ სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აღნიშნული კურსი დამოუკიდებლად 2017-2022 წლებში გავლილი აქვს 340 სამხედრო მოსამსახურეს. სამინისტროს განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა თავდაცვის ანალიზის პროგრამის სამეთაურო-საშტაბო პროგრამიდან გამოყოფის შესახებ. შედეგად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც დამოუკიდებლად გავლილი ექნებათ (CGSC) კურსი, შეეძლებათ ჩაირიცხონ თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამაზე.
- 2021 წელს აკადემიაში აკრედიტაცია მიიღო სახელმწიფო რესურსების მართვისა და უსაფრთხოების კვლევების სამაგისტრო პროგრამებმა, რომლებიც თავისი შინაარსით სამოქალაქო ხასიათისაა, არ მოიცავს სამხედრო კომპონენტს, სწავლება უფასოა და განკუთვნილია გარკვეულ სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულ პირთათვის, თუმცა არ არის დარეგულირებული სხვადასხვა უწყებისთვის გამოყოფილ კვოტებზე მისაღებ პირთა თანამდებობა და გამოცდილება. შედეგად, პროგრამაზე ირიცხებიან სხვადასხვა სამინისტროს ის თანამშრომლები, რომლებიც თავიანთი თანამდებობრივი მდგომარეობით ვერ შეძლებენ განახორციელონ სამაგისტრო პროგრამის შექმნის მთავარი მიზანი − კოორდინირებული მუშაობით უზრუნველყონ მოსალოდნელი კრიზისების პროგნოზირება და თავიდან აცილება. შესაბამისად, მათზე გაწეული ხარჯი და მიღებული სარგებელი (უწყებების პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტება) ვერ ჩაითვლება პროდუქტიულად.
- 2021-2022 წლებში სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეების 77% ჩაირიცხა სხვადასხვა უნივერსიტეტში, ნაცვლად თავდაცვის აკადემიისა, მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის აკადემიაში სწავლა უფასოა, ხოლო სხვა უნივერსიტეტებში სამინისტროს მიერ ფინანსდება ნაწილობრივ. აღნიშნულის მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც გარკვეული სამაგისტრო პროგრამების არარსებობა თავდაცვის აკადემიაში, ასევე ის ფაქტი, რომ აკადემიის სამაგისტრო პროგრამები ხელმისაწვდომია მხოლოდ თბილისში და აუდიტის პერიოდში არ ითვალისწინებდა ჰიბრიდულ (დისტანციურ) სწავლებას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სამხედრო მოსამსახურეებს მოვალეობის შესრულება უწევთ საქართველოს მასშტაბით არსებულ სხვადასხვა ქვედანაყოფებში.
- აკადემიის სამაგისტრო პროგრამები 2021 წელს არ დაკომპლექტდა სრულად, მიუხედავად იმისა, რომ კვოტები გადანაწილებული იყო 13 სახელმწიფო უწყებაზე. 2022 წელს კი ორი საჯარო უწყების წარმომადგენლებით სრულად დაკომპლექტდა მხოლოდ ერთი სამაგისტრო პროგრამა, რაც შესაბამის უწყებებს შორის არასათანადო კოორდინაციითაა გამოწვეული.
ძირითადი სამხედრო განათლების მიღების პროცესში არსებული ნაკლოვანებები
თავდაცვის ძალებში ძირითადი სამხედრო განათლების მიღების პროცესს უზრუნველყოფს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა, რომლის მიზანია მაღალკვალიფიციური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურე კადრების მომზადება/გადამზადება, საქართველოს თავდაცვის ძალებში დაგეგმილი ადგილობრივი და საერთაშორისო სწავლებების და წვრთნების მხარდაჭერა და მათში მონაწილეობა.
ძირითადი სამხედრო განათლების მიღების პროცესში გამოვლინდა შემდეგი ნაკლოვანებები:
- 2020-2021 წლებში წვრთნებისა და განათლების სარდლობის მიერ დაგეგმილი იყო შესაბამისად, 222 და 197 სასწავლო კურსი, საიდანაც 2020 წელს არ ჩატარებულა 64, ხოლო 2021 წელს − 65. კურსების არჩატარების ძირითადი მიზეზი 2020 წელს კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა გახდა. 2021 წელს კურსების დაგეგმვისას, პანდემია გათვალისწინებული იყო, შესაბამისად, კურსები იგეგმებოდა შედარებით ნაკლები რაოდენობით. მიუხედავად აღნიშნულისა, დაგეგმილი კურსების 35% არ ჩატარებულა. ანალიტიკური პროცედურებით გამოვლინდა, რომ კურსების არ ჩატარების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია კვორუმის არარსებობა (მონაწილეთა ნაკლებობა), რაც პირადი შემადგენლობის გადინებითაა გამოწვეული. ამასთანავე, არ ჩატარებულა 2020-2021 წლებში გეგმით გათვალისწინებული 6 სახეობის 13 კურსი.
- აუდიტის პერიოდში წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მიერ თავდაპირველი გეგმა-კალენდრის შედგენაში მონაწილეობას არ იღებდნენ გენერალური შტაბის J1 პერსონალის დეპარტამენტი და სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრი. აღნიშნული სტრუქტურული ერთეულებისათვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის ანალიზის და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, შესაძლებელი იქნებოდა უფრო სრულყოფილი და ზუსტი თავდაპირველი გეგმა-კალენდრის შედგენა, რაც ასევე დადებით გავლენას მოახდენს, კურსების ჩატარებისთვის საჭირო სახსრები აისახოს შესაბამისი წლის ბიუჯეტში.
- თავდაცვის სამინისტროში 2020-2021 წლებში სხვადასხვა დონის და საფეხურის საკარიერო კურსი საქართველოში და საზღვარგარეთ სულ გაიარა 2,163-მა სამხედრო მოსამსახურემ. შესაბამისად, საკარიერო კურსებზე სამხედრო მოსამსახურეთა ჩართულობის მაჩვენებელი დაბალია, რაც ძირითადად გამოწვეულია პანდემიით და თავდაცვის ძალებში სამხედრო მოსამსახურეთა შემოდინების − დაბალი და გადინების მაღალი მაჩვენებლით.
ყოველივე აღნიშნული უარყოფით გავლენას ახდენს როგორც სამხედრო მოსამსახურეთა განათლების პროცესზე, ასევე საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან დაგეგმვაზე.
უმაღლესი სამხედრო განათლების მიღების პროცესში არსებული ნაკლოვანებები
უმაღლესი სამხედრო განათლების მიღება სამხედრო მოსამსახურეებს 2022 წლამდე მხოლოდ საზღვარგარეთ შეეძლოთ, ხოლო 2022 წლიდან პროგრამა ასევე ხელმისაწვდომია სსიპ − თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში. აღნიშნულ პროგრამაზე 2022 წელს საზღვარგარეთ ჩაირიცხა − 9, ხოლო საქართველოში − მხოლოდ 5 სამხედრო მოსამსახურე.
2023 წლიდან თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამა, სამმხრივი მემორანდუმის საფუძველზე, ინტეგრირდა თსუ-ის სამაგისტრო პროგრამასთან − „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში.“ პროგრამის განხორციელებისთვის საჭიროა სამხედრო კომპონენტზე მინიმალური რაოდენობის სამხედრო მოსამსახურის ჩართულობა, თუმცა არ არის განსაზღვრული, განხორციელდება თუ არა სამაგისტრო პროგრამა და ექნება თუ არა სარგებელი თავდაცვის სამინისტროს, სამხედრო მოსამსახურეების მინიმალური რაოდენობის შეუვსებლობის ან იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის სამხედრო კომპონენტზე ჩარიცხულ სამხედრო მოსამსახურეებს არ ექნებათ პარალელურად მაგისტრატურის გავლის სურვილი; განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულ უმაღლეს სამხედრო განათლების კურსზე 2022 წელს ჩარიცხული იყო მხოლოდ 5 სამხედრო მოსამსახურე და სამხედრო მოსამსახურეებს კვლავ აქვთ საზღვარგარეთ კურსის გავლის შესაძლებლობა.
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მოზიდვის და კვალიფიციური კადრების შენარჩუნების პროცესში არსებული გამოწვევები
მიუხედავად არსებული სხვადასხვა სახის წამახალისებელი ღონისძიებებისა, თავდაცვის ძალებში სამხედრო მოსამსახურეების მოზიდვა/შენარჩუნება გამოწვევად რჩება, ხოლო გადინების პროცესის დამაბრკოლებელი ფაქტორები ხასიათდება ხარვეზებით და ეფექტიანად ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნის მიღწევას. აღნიშნული წარმოშობს სამხედრო მოსამსახურეების წვრთნებისა და განათლებისათვის გაწეული სახსრების არაეფექტიან ხარჯს, კერძოდ:
- 2019-2022 წლების მონაცემებით, თავდაცვის ძალებში გადინების მაჩვენებელმა შემოდინების მაჩვენებელს 3,416 ერთეულით გადააჭარბა. თავდაცვის ძალები დატოვა 8,800 სამხედრო მოსამსახურემ, ხოლო ჩაირიცხა − 5,384. სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 11 თვის მონაცემებით, გადინება-შემოდინების ტენდენცია დადებითია. კერძოდ, სამხედრო მოსამსახურეთა შემოდინების მაჩვენებელმა გადინების მაჩვენებელს 599 ერთეულით გადააჭარბა.
- 2017-2022 წლებში სამხედრო მოსამსახურეების მიერ დარღვეულ კონტრაქტებთან მიმართებით, სასამართლო საქმისწარმოება მიმდინარეობდა სულ 1,352 საქმეზე და სამინისტროს ფინანსური მოთხოვნა შეადგენდა 5,976,625 ლარს. 2023 წლის მაისის მდგომარეობით, მიმდინარე სტატუსი აქვს 713 საქმეს (53%), საიდანაც 500 (70%) საქმეზე არ ჩანიშნულა სასამართლო პროცესი ან არ არის მიღებული გადაწყვეტილება; ასევე სასამართლოს მიერ ხშირად მნიშვნელოვნად მცირდება კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა და შესაბამისად, სამინისტროს მოთხოვნა.
- დაბალი მაჩვენებელია დაკისრებული ჯარიმების ამოღების მიმართულებითაც. სამინისტროს საფინანსო სამსახურის მონაცემებით, 2019-2022 წლებში ჯარიმა დაეკისრა სულ 1,347 პირს, ჯამში − 5,003,649 ლარის ოდენობით, საიდანაც 2022 წლის მდგომარეობით კვლავ გადასახდელია 4,361,109 ლარი (87%).
სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პროცესში არსებული ხარვეზები და გამოწვევები
- საკონტრაქტო სამსახურის პირველ ეტაპზე კონტრაქტის შეწყვეტა არ ითვალისწინებს პირის დაჯარიმებას, აღნიშნული კი შესაძლებელია წვევამდელებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის თავიდან არიდების (ვადის გადაწევა) საშუალება იყოს, ანუ, თუ პირს უწევს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა, მოქმედი კანონმდებლობით მას აქვს უფლება აირჩიოს საკონტრაქტო სამსახურის გავლა, ხოლო პირობა, რომ კონტრაქტის პირველ ეტაპზე შეწყვეტა დაჯარიმებისგან მას ათავისუფლებს, შესაძლებლობას აძლევს ყოველგვარი დამატებითი პროცედურების გავლით თავი აარიდოს (გადაავადოს) სამხედრო სავალდებულო სამსახურს.
- დღეის მდგომარეობით არ არის შექმნილი წვევამდელთა შესახებ შესაბამისი რეესტრების წარმოების მიზნით ერთიანი გამართული პროგრამული/საინფორმაციო ბაზა, რომელიც მოგვცემდა საშუალებას მიგვეღო სრულყოფილი ინფორმაცია 2019-2022 წლებში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამოსაძახებელ პირებსა და მათზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.
- 2024 წლამდე წვევამდელის მოძებნისა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებისა და სხვა ინფორმაციის დადასტურების მიზნით, პროცესის განმახორციელებელ სტრუქტურულ ერთეულებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უწყებებთან კოორდინაციის პროცედურები და ვადები მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებდა. აღნიშნული წარმოშობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის თავის არიდების ხელშეწყობის რისკს. გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობდა მკაფიოდ განსაზღვრული სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც დაარეგულირებდა სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაციას, წვევამდელების მიმართ გამოიყენებოდა არაერთგვაროვანი მიდგომა.
- სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამოსაძახებელ პირთა რაოდენობა უწყებების მიხედვით განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით. ყოველი გაწვევისას მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული რაოდენობა გამოსაძახებელ პირთა, საშუალოდ, მხოლოდ 8%-ს შეადგენს. მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ხორციელდება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამოსაძახებელ პირთა რაოდენობის სრულად ადმინისტრირება. კერძოდ: 2019-2022 წლებში გამოსაძახებელ პირთა, საშუალოდ, მხოლოდ 4%, ხოლო მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული რაოდენობის (28,523) − მხოლოდ 52% (14,813) ჩაირიცხა შესაბამის უწყებებში, აღნიშნული კი ვერ ჩაითვლება ეფექტიან მაჩვენებლად.
- 2019-2022 წლების მთავრობის დადგენილებების მიხედვით წვევამდელთა სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში გადანაწილებისას უშუალოდ თავდაცვის სამინისტროში გასანაწილებელ პირთა რაოდენობა საერთო რაოდენობის 38%-ს შეადგენდა, ხოლო ფაქტობრივად 2019-2022 წლებში თავდაცვის სამინისტროში სავალდებულო სამხედრო სამსახურში ჩაირიცხა 6,255 წვევამდელი, რაც დადგენილებით განსაზღვრული რაოდენობის 57%-ს შეადგენდა. ამასთანავე, სხვადასხვა სამინისტროში წვევამდელებისთვის სპეციალური თეორიულ-პრაქტიკულ სწავლება არაერთგვაროვანია. შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის აღნიშნული პრაქტიკა არ არის ეფექტიანი და სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნების მიღწევას, რადგან წვევამდელებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდგომ გააჩნიათ არათანაბარი ხარისხის განათლება.
აუდიტის მიმდინარეობისას, დაიწყო მუშაობა თავდაცვის კოდექსის შემუშავებაზე, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის პროცესში. აღნიშნული კანონპროექტი დღეის მდგომარეობით დამტკიცებულია. თავდაცვის კოდექსის მიხედვით, წვევამდელები სამხედრო სავალდებულო სამსახურს 2025 წლიდან მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში გაივლიან, რაც აღმოფხვრის არათანაბარი ხარისხის განათლების პრობლემას.