იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, გარე სამხედრო მოქმედებები არ წარმოადგენს ტოტალიტარული რეჟიმების დასრულების გზას, თუმცა მისივე თქმით, იტალია ლეგიტიმურად მიიჩნევს თავდაცვით ჩარევას უსაფრთხოებაზე მიმართული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ.
მელონიმ ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა, რომ იტალია ყოველთვის მხარს უჭერდა ვენესუელელი ხალხის მისწრაფებას დემოკრატიული გარდამავალი პერიოდისკენ.
„იტალიამ, თავის მთავარ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, არასდროს აღიარა არჩევნებში მადუროს თვითგამოცხადებული გამარჯვება, დაგმო რეჟიმის რეპრესიები და ყოველთვის მხარს უჭერდა ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული გარდამავალი პერიოდისკენ მისწრაფებას“, - განაცხადა იტალიის პრემიერმა.
მისივე განმარტებით, იტალიის ისტორიული პოზიცია უცვლელია - გარე სამხედრო ძალა არ არის ტოტალიტარიზმის დასრულების გამოსავალი, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც საქმე ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვითი ჩარევა გამართლებულია ჰიბრიდული საფრთხეების დროს. ასეთ საფრთხედ მან დაასახელა „სახელმწიფო ორგანოების მიერ ნარკოტიკებით ვაჭრობის ხელშემწყობი ქმედებები“, რაც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას.
ჯორჯია მელონის ეს განცხადება მოჰყვა ვენესუელაში აშშ-ის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც ნიკოლას მადურო ცოლთან ერთად დააკავეს და აშშ-ის ციხეში გადაიყვანეს.




























