სამხედრო ტექნიკის და საბრძოლო შეიარაღების გლობალურ ბაზარზე აშშ-ის პოზიციები კიდევ უფრო განმტკიცდა – მთავრობის მიერ გავრცელებული უახლესი მონაცემებით, ვაშინგტონი გლობალური იარაღის ექსპორტის 43%-ს აკონტროლებს, რაც ახალი რეკორდია.
ასეთ შედეგს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში, ეს არის F-35 ტიპის გამანადგურებლების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების, მათ შორის Patriot-ების მასშტაბური გაყიდვების შედეგია NATO-ს წევრ სახელმწიფოებსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.
ასევე, ამ დინამიკას რუსეთის წილის მკვეთრი შემცირებაც განაპირობებს, რომელსაც საკმარისი იარაღი არათუ ექსპორტზე გასატანად, არამედ საკუთარი საჭირობებისთვისაც აღარ აქვს. თავად ეს მოცემულობა ვაშინგტონს საშუალებას აძლევს, დაიკავოს ის ბაზრები, რომლებიც ადრე მოსკოვის გავლენის ქვეშ იყვნენ, მაგალითად, ინდოეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ აშშ-ის ექსპორტის თითქმის ნახევარი ევროპის ქვეყნებზე მოდის, რაც 2021 წლის შემდეგ გაორმაგებული მაჩვენებელია, ეს მოცემულობა კი სწორედ რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება.
ამერიკული სამხედრო ექსპორტის ფრონტის წინა ხაზზე Lockheed Martin, Raytheon, Northrop Grumman და Boeing არიან, რომელთაც ბოლო პერიოდში რეკორდული გაყიდვები და შემოსავლები აქვთ.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, სამხედრო წარმოების განვითარება აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია და ზესახელმწიფო ყველაფერს იზამს იმისათვის, რომ ამ ბაზარზე მომავალშიც დომინანტ მოთამაშედ დარჩეს.
ცხადია, სხვა ქვეყნებზე ყველაზე მაღალტექნოლოგიური იარაღის გაყიდვის უფლება ამერიკულ კომპანიებს არ აქვთ, ამიტომ B2-ებს, F-22 Raptor-ებსა თუ Gerald R. Ford-ის კლასის ავიამზიდებს ვერასოდეს ვიხილავთ სხვა ქვეყნების შეიარაღებაში.




























