სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მიწისძვრას, რომლის ეპიცენტრიც მიანმარში იყო, მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა: ბანგკოკში მაშველები ნანგრევებში მოყოლილ 81 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
Reuters-ის ინფორმაციით, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა მიანმარში, ქალაქ ტაუნგოში მეჩეთის ჩამონგრევის შედეგად, ქალაქ აუნგ-ბანში კი სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა სასტუმროს ნანგრევებში, 20 კი მძიმედ დაშავდა.
მთავრობის ინფორმაციით, ტაილანდში ჩამოინგრა მშენებარე ცათამბჯენი - შემთხვევის ადგილზე 81 ადამიანს ეძებენ. ბანგკოკის მმართველი, ჩადჩარტ სიტიპუნტის ინფორმაციით, მშენებლობის ადგილზე სამი ადამიანი დაიღუპა. მისივე თქმით, არსებობს განმეორებითი ბიძგების რისკი, თუმცა ყველაფერი კონტროლის ქვეშაა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.
აშშ-ის გეოლოგიის კვლევითი ცენტრის (USGS) ინფორმაციით, მიწისძვრა 7.7 მაგნიტუდის იყო და 10 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. ეპიცენტრი მიანმარის ქალაქი მანდალეი იყო, რომლის მოსახლეობაც 1.5 მილიონს აღწევს. დაფიქსირდა განმეორებითი ბიძგებიც.
მიწისძვრის დამანგრეველი შედეგები მოჰყვა აზიის 5 ქალაქში. დაზიანებულია სარკინიგზო ხაზები და ხიდებიც.