ტაილანდის მთავრობამ 49 მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დროებით შეაჩერა. ხელისუფლების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ენერგოტევადი ობიექტების მიერ ადგილობრივ თემებსა და რესურსებზე უარყოფითი ზეგავლენის გამო საზოგადოებრივი უკმაყოფილების ზრდას უკავშირდება.
ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ეროვნული საბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებას ისახავს მიზნად, რომელსაც ხელისუფლება ერთ თვეში წარადგენს. როგორც ცნობილია, მიღებული ზომა ინვესტიციების ბლოკირებას არ ნიშნავს, რადგან სექტორს ქვეყნის კონკურენტუნარიანობისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობას სურს მკაფიო და თანმიმდევრული სტანდარტების დაწესება, რათა ინდუსტრიის მდგრადი განვითარება შენარჩუნდეს, თუმცა ამ პროცესში მოსახლეობის უფლებები არ დაირღვეს და ქვეყანაში ენერგეტიკული დეფიციტი არ გაჩნდეს. კანონმდებლების თქმით, ახალი წესები როგორც მოქმედ, ისე მშენებარე ობიექტებზე გავრცელდება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე, ტაილანდში ტექნოლოგიური ინვესტიციები რეკორდულად გაიზარდა. საინვესტიციო საბჭოს მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში მთავრობამ $27 მილიარდის ღირებულების 88 პროექტი დაამტკიცა, რაც 2025 წლის მთლიან მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება. ქვეყანა Google-ის, Amazon-ისა და Microsoft-ის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდა, რასაც იქ არსებული კანონმდებლობა, გეოგრაფია და სამთავრობო პროგრამები უწყობს ხელს. ქვეყანაში ამჟამად 35 მონაცემთა ცენტრი ოპერირებს, ხოლო 117 საინვესტიციო განაცხადი განხილვის ეტაპზეა შეჩერებული.
ექსპერტების შეფასებით, Data-ცენტრების მშენებლობა ქვეყანას ეკონომიკური ზრდის არნახულ ბუსტს აძლევს, თუმცა ამ ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებას შესაბამისი ენერგეტიკული სისტემა სჭირდება, რომელიც ამჟამად ტაილანდში სათანადოდ გამართული არ არის.
























