ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებისა და მზარდი მოთხოვნის ფონზე, 2026-2050 წლებში გლობალური მონაცემთა ცენტრების კაპიტალური დანახარჯები $31.6 ტრილიონამდე გაიზრდება. საკონსულტაციო კომპანია PwC-ის ახალი ანგარიშის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის დანერგვის ტემპის დაჩქარების შემთხვევაში, აღნიშნულმა ინვესტიციებმა შესაძლოა $50 ტრილიონსაც კი მიაღწიოს.
ანალიტიკოსების მოლოდინით, ყოველწლიური კაპიტალური დანახარჯები 2026 წლის $800 მილიარდიდან 2030 წლისთვის $1.1 ტრილიონამდე გაიზრდება, ხოლო 2050 წლისთვის წლიური მაჩვენებელი $1.8 ტრილიონს გაუტოლდება.
საკონსულტაციო გიგანტის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა მასშტაბითა და ინვესტიციების ზრდის ტემპით მნიშვნელოვნად აჭარბებს ისტორიულ პროექტებს, მათ შორის რკინიგზის, ელექტროქსელისა და ინტერნეტის განვითარების ეპოქებს. ტრადიციული ინფრასტრუქტურისგან განსხვავებით, სადაც საწყისი მშენებლობის შემდეგ კაპიტალდაბანდება მცირდება, AI-ის სექტორში ტექნოლოგიური განახლების მუდმივი ციკლია საჭირო. პროცესორებისა და ჩიპების სასიცოცხლო ციკლი 4-დან 6 წლამდე მერყეობს, რაც ოპერატორებს აპარატურული უზრუნველყოფის რეგულარული განახლებისკენ უბიძგებს. შესაბამისად, ინვესტიციების ძირითადი წილი სწორედ შიდა ტექნიკურ აღჭურვილობაზე, მათ შორის Nvidia-ს წარმოებულ ჩიპებზე წავა და არა მიწის ნაკვეთებსა თუ უშუალოდ შენობების მშენებლობაზე.
ცნობისთვის, PricewaterhouseCoopers-ის გლობალური პროგნოზი Oxford Economics-ის მოდელირებას ეფუძნება, რომელმაც მსოფლიოს 46 ქვეყანასა და ტერიტორიაზე არსებული ციფრული ინფრასტრუქტურის მონაცემები შეისწავლა.




























