მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხრეთ კორეა უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ გამორიცხავს

სამხრეთ კორეა და უკრაინა

ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვეების ირგვლივ წარმოქმნილი დავის ფონზე, სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩო ჰიუნმა უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო გაწყვეტა არ გამორიცხა.

საპარლამენტო განხილვებისას მინისტრმა განმარტა, რომ სიტუაციის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში, სეული ყველაზე მკაცრი დიპლომატიური ზომების მიღებას განიხილავს. დეპუტატის შეკითხვაზე, უთანაბრდება თუ არა მიმდინარე ვითარება დიპლომატიური კავშირების გაწყვეტას, ჩო ჰიუნმა აღნიშნა, რომ მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების ალბათობა ნამდვილად არსებობს.

აღსანიშნავია, რომ დაპირისპირების გამწვავების პარალელურად, სამხრეთ კორეის მთავრობამ კიევიდან საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და საელჩოს რვა დიპლომატი უკვე გაიწვია. საგარეო უწყების პრესსპიკერ პაკ დუ-სუნის განმარტებით, სეულმა საკუთარი პოზიცია უკრაინულ მხარეს რამდენიმე არხით მიაწოდა, თუმცა კიევისგან ადეკვატური პასუხი ვერ მიიღო.

თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ კიევი საკითხს ამოწურულად მიიჩნევს, რადგან უკრაინულმა მხარემ ყველა ნაკისრი ვალდებულება სრულად შეასრულა. მან ასევე განმარტა, რომ მხარეებს შორის დავა კონფიდენციალურობის შეთანხმების განსხვავებულმა ინტერპრეტაციამ გამოიწვია

ცნობისთვის, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური დავა 8 ოქტომბერს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ სამხრეთ კორეისთვის ორი ჩრდილოეთკორეელი სამხედროტყვის გადაცემის ფაქტის გასაჯაროებას მოჰყვა. სეულის განცხადებით, კიევმა დაარღვია ორმხრივი კონფიდენციალურობის შეთანხმება, რომელიც ამ სამხედროებისა და ჩრდილოეთ კორეაში მყოფი მათი ოჯახების უსაფრთხოების დაცვას ითვალისწინებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები