სამხრეთ კორეის სამართლიანი ვაჭრობის კომისიამ სმარტფონების სათამაშო შესაძლებლობების შესახებ მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის გამო Samsung Electronics-ი 20.11 მილიარდი ვონით ($14 მლნ) დააჯარიმა.
მარეგულირებლის განჩინებით, კომპანიამ Galaxy S21-ის, S22-ისა და Galaxy Tab S8-ის სერიების რეკლამირებისას სამართლიანი მარკირებისა და რეკლამის შესახებ კანონი დაარღვია. უწყებამ დარღვევის სიმძიმე შეზღუდულ კატეგორიას მიაკუთვნა და ჯარიმის ოდენობა სადავო პერიოდში მიღებული 4.02 ტრილიონი ვონის შემოსავლის 0.5%-იანი განაკვეთით განსაზღვრა.
კომისიის მუდმივი წევრის, ლი სუნ-მის განმარტებით, საჯარიმო ზომების მიღება მომხმარებლებისთვის ტექნიკური შეზღუდვების დროულად გაუმჟღავნებლობამ განაპირობა.
განამრტებისთვის, სარეკლამო კამპანიაში Samsung-ი მომხმარებლებს „ყველაზე სწრაფ Galaxy-ს“ და მოთხოვნადი თამაშების შეუფერხებელ მუშაობას ჰპირდებოდა. კომისიის დასკვნით კი, წინასწარ დაყენებული Game Optimizing Service-ის აპლიკაცია PUBG-ის, Genshin Impact-ისა და Lineage W-ს გაშვებისას პროცესორისა და გრაფიკული ჩიპის წარმადობას მაქსიმალური მაჩვენებლის 30%-მდე ზღუდავდა.
მარეგულირებელმა დაადგინა, რომ მწარმოებელმა ეს მონაცემები დამალა, რამაც კადრების შეფერხება და გრაფიკის ხარისხის გაუარესება გამოიწვია. მომხმარებელთა პროტესტის ფონზე, კომპანიამ 2022 წლის მარტში პროგრამული განახლება გამოუშვა და მოწყობილობებზე დაწესებული შეზღუდვები გააუქმა.
თავად Samsung Electronics-მა კომისიის გადაწყვეტილებას გაუგებარი უწოდა და სამართლებრივი დავის დაწყება დააანონსა. კომპანიის განცხადებით, სარეკლამო კამპანიით მომხმარებლებისთვის ზიანის მიყენების ფაქტი არცერთ სასამართლოს არ დაუდგენია.
























