მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხრეთ კორეის ყოფილ პირველ ლედის შვიდწლიანი პატიმრობა მიესაჯა

კიმ კონ ჰი

სეულის ცენტრალურმა საოლქო სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილ პირველ ლედის, კიმ კონ ჰის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. არსებული ინფორმაციით, მოსამართლემ ყოფილი პირველი ლედი პოლიტიკური მფარველობის სანაცვლოდ ძვირად ღირებული ნივთებისა და ქრთამის მიღებაში დამნაშავედ ცნო. როგორც ირკვევა, ის საკუთარ გავლენას სხვადასხვა პირისთვის სახელმწიფო თუ საპარლამენტო თანამდებობების გასანაწილებლად იყენებდა. აღსანიშნი ფაქტია, რომ სასამართლომ კიმ კონ ჰის 64.8 მილიონი ვონის ($42,119) ოდენობის ფულადი ჯარიმაც დააკისრა. ამასთან, მოსამართლე განაჩინა, რომ უნდა მოხდეს მსაჯვრდებულის მიერ ქრთამის სახით აღებული ქონების სრული კონფისკაცია.

რაც შეეხება უშუალოდ უკანონოდ მიღებულ ნივთებს, სასამართლომ ძვირად ღირებული აქსესუარების ვრცელი სია გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, კიმ კონ ჰიმ ქრთამის სახით Van Cleef & Arpels-ის ყელსაბამი, Tiffany-ს გულსაბნევი და Graff-ის საყურეები მიიღო. ამასთან, ყოფილი პირველი ლედი ფლობდა ოქროს კუს და Dior-ის ძვირადღირებულ ჩანთასაც. მედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია Vacheron Constantin-ის მარკის საათმა, რომლის ღირებულებაც 39 მილიონ ვონს ($25,349) შეადგენს. კორუფციული გარიგებების ფარგლებში მსჯავრდებულმა ყოფილმა პირველმა ლედიმ ფერწერული ტილოც მიიღო - და ის 140 მილიონ ვონად ($91,000.12) შეფასდა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ქრთამის გამცემთა შორის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები სახელდებიან. მათ შორის არის ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მფლობელი, რომელიც საკუთარი სიძისთვის სახელმწიფო პოსტის მოპოვებას ცდილობდა. კორუფციულ სქემაში ფიგურირებს სასულიერო პირიც, რომელსაც მაღალჩინოსნებთან კავშირების გაფართოება სურდა. არსებული ინფორმაციით, კიმ კონ ჰის ძვირადღირებულ საჩუქრებს კერძო უნივერსიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი და რობოტი ძაღლების მწარმოებელი ფირმის ხელმძღვანელიც აძლევდნენ.

კიმ კონ ჰი წარდგენილ ბრალდებებს არ აღიარებს. სააგენტო Yonhap-ის ინფორმაციით, მსჯავრდებულის ადვოკატი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. უფლებადამცველი მოსამართლეს მტკიცებულებების მიკერძოებულად შეფასებაში ადანაშაულებს. ადვოკატის განცხადებით, სასამართლომ ყოფილი პირველი ლედის საწინააღმდეგო ფაქტები განზრახ გააზვიადა.

ცნობისთვის, კიმ კონ ჰის აქციების ფასებით მანიპულირების ბრალდებით ოთხწლიანი პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს. მისი მეუღლე, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი კი სასამართლომ სამხედრო ამბოხების მოწყობისთვის დამნაშავედ ცნო, და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები