სამხრეთ კორეული აეროკოსმოსური სტარტაპის, Innospace-ის სატესტო რაკეტა აფრენიდან რამდენიმე წამში აფეთქდა. Reuters-ის ინფორმაციით, Hanbit-Nano-ს სახელით ცნობილი ხომალდი ბრაზილიაში მდებარე ალკანტარას კოსმოსური სადგურიდან უნდა გაფრენილიყო და მიზნად ისახავდა, გამხდარიყო პირველი სამხრეთ კორეული რაკეტა, რომელიც დედამიწის ორბიტაზე ავიდოდა, თუმცა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.
როგორც ირკვევა, ხომალდზე ბრაზილიური და ინდური კომპანიების მიერ შეძენილი მცირე ზომის 5 სატელიტიც იყო განთავსებული. 17-ნახევარი მეტრის სიმაღლის რაკეტა თხევადი ჟანგბადით, პარაფინითა და მეთანით იყო დატვირთული.
Innospace-ში უჭირთ იმის თქმა, თუ რამ გამოიწვია მისიის წარუმატებელი დასრულება. აღსანიშნავია, რომ კომპანია სატესტო ფრენას პირდაპირ ეთერში გადმოსცემდა, აფეთქების შემდეგ კი მაუწყებლობა უკომენტაროდ გაჩერდა. აღმასრულებელი დირექტორის, კიმ სო-იონგის თქმით, წარუმატებელი ფრენა მათთვის პრობლემა არ არის და უახლოეს მომავალში გაცილებით დიდი მოცულობის Hanbit-Nano-ს, ასევე ორი შედარებით მცირე ზომის ხომალდს, Nanbit-Micro-სა და Hanbit-Mini-საც გამოცდიან.
თავად Innospace-ი 2017 წელს დაფუძნებული აეროკოსმოსური კომპანიაა, რომელიც რაკეტის აგებისა და საცდელი ფრენების განხორციელებისთვის საჭირო ყველა მასალას სამხრეთ კორეაში ყიდულობს ან ამზადებს. ამასთან, გუნდი მთლიანად ადგილობრივი სპეციალისტებისგანაა დაკომპლექტებული და ტექნოლოგიურ ნაწილზეც სამხრეთ კორეელი ინჟინრები მუშაობენ.




























