„ქართული ოცნება“ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონს ამკაცრებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, სამოხელეო დანაშაულში მხილებული საჯარო მოხელეებს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსების ვალდებულება 30 წლის განმავლობაში ექნებათ. ირაკლი კირცხალიამ განმარტა, რომ ცვლილებების შედეგად საჯარო მოხელეების ქონების მონიტორინგი და დაკვირვება 30 წლის განმავლობაში გახდება შესაძლებელი.
„იმისთვის რომ სამომავლოდ საკანონმდებლო დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ უფრო ეფექტიანი მექანიზმები გაჩნდეს, საქართველოს პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდა, რომლის თანახმადაც ცვლილებები შევა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს კანონში.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად ანტიკორუფციული ბიუროსთვის, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ყოველწლიურად 30 წლის განმავლობაში წარდგენის ვალდებულება ექნებათ საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს აიპ-ებში, სსიპ-ებში და სახელმწიფოს საწარმოებში დასაქმებულ პირებს იმ შემთხვევაში, თუ მათ მიმართ ძალაში შევა გამამტყუნებელი განაჩენი სსკ-ით სამოხელეო ან ფინანსური დანაშაულების ჩადენისთვის.
ეს ცვლილებები პირდაპირი სიგნალია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კორუფციულ გარიგებაში ჩართულობით სავარაუდო სარგებლის მიღებაზე, შემდეგ შემოსავლის ლეგალიზებაზე და გრძელვადიან პერიოდში პირადი ინტერესების დაკმაყოფილებაზე არიან ორიენტირებულნი. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ კონკრეტულ სამოხელეო დანაშაულში მხილებულ ადამიანთა ქონებრივი მდგომარეობის აქტიური დაკვირვება და მონიტორინგი 30 წლის განმავლობაში გახდება შესაძლებელი, რაც ფაქტობრივად მათი მხრიდან მითვისებული ქონების ლეგალიზებასა და პირადი ინტერესებით გამოყენებას სასჯელის მოხდის შემდეგაც გამორიცხავს“, - განაცხადა კირცხალიამ.




























