მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამომავლო გეგმები, მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისია, ბიზნესფორუმი... - მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

ალი ქაან ორბაი

სამომავლო გეგმები და ინიციატივები, მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა, თურქეთის ვაჭრობის მინისტრის ვიზიტი საქართველოში და ბიზნესფორუმი - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელზედაც "ოცნების" მთავრობაში ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და თურქეთის ელჩმა საქართველოში ალი ქაან ორბაიმ შეხვედრაზე ისაუბრეს.

ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

"მარიამ ქვრივიშვილმა და ალი ქაან ორბაიმ ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და მნიშვნელოვან ინიციატივებზე, რომლებიც საქართველო-თურქეთის სამთავრობო და კერძო ბიზნესწრეების აქტიური ჩართულობით უნდა განხორციელდეს, მათ შორის, განიხილეს უახლოეს პერიოდში დაგეგმილი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის, ასევე თურქეთის ვაჭრობის მინისტრის საქართველოში ვიზიტისა და ამ ვიზიტის ფარგლებში ბიზნესფორუმის გამართვის საკითხები, რომელშიც ორივე ქვეყნის 300-მდე კომპანია მიიღებს მონაწილეობას", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქეთის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და ამ ურთიერთობის ფარგლებში ძალიან ნაყოფიერ თანამშრომლობას ეკონომიკის ისეთ სექტორებში, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტურიზმი, ინვესტიციები და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები.

"როგორც შეხვედრაზე ითქვა, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირები ძალიან ინტენსიური და მრავალმხრივია, რაც გამოიხატება წლიდან წლამდე მზარდ სტატისტიკურ მაჩვენებლებშიც, მათ შორის, აღსანიშნავია ექსპორტ-იმპორტის, სატრანსპორტო გადაზიდვების, ტურიზმის, საჰაერო-სამგზავრო გადაყვანების, ელექტროენერგიით ვაჭრობის მზარდი დინამიკა და ზოგადად, ის ტენდენციები, რაც ხაზს უსვამს თურქეთის, როგორც საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი სახელმწიფოს როლს", - აღნიშნულია პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები