სამომხმარებლო სესხების ვადიანობა ისევ 3 წლამდე შემცირდება? BMG-მ ეს კითხვა მას შემდეგ დასვა, რაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაკრედიტების მზარდ ტენდენციაზე მიანიშნა. კერძოდ, სებ-ის მონეტარული კომიტეტი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ბოლო თვეებში ინფლაციური მოლოდინები მომატებულია. როგორც სებ-ი მიუთითებს, გაზრდილია შიდა ეკონომიკური აქტივობაც, რასაც მზარდი საკრედიტო აქტივობა ასტიმულირებს.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსმა, თამთა სოფრომაძემ 19 ივნისს, "საქმის კურსში" სტუმრობისას განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი ფინანსური ტენდენციებიდან გამომდინარე იღებს.
"ეს ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადასაწყვეტია. ის ფინანსური ტენდენციებიდან და ჯანსაღი დაკრედიტებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას", - აღნიშნა თამთა სოფრომაძე.
BMG-ის კითხვის საპასუხოდ კი ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება სამომხმარებლო სესხების ვადიანობის 3 წლამდე შემცირებაზე მიღებული არ არის. ამ დროისთვის საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია საბანკო ასოციაციაშიც არ აქვთ, თუმცა იმედოვნებენ, რომ სებ-ი სესხების ვადიანობას არ შეამცირებს.
"იმედი გვაქვს, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება. დღეს აქტიური საუბარი ამაზე არ მიმდინარეობს. აღნიშნული საკითხი [ფინანსური სტაბილურობის] კომიტეტის ყოველ სხდომაზე განიხილება. ამიტომ, სიახლე, რომ შეიძლება ეს საკითხი განხილულიყო, ნამდვილად რ არის. არც დადასტურება შემიძლია და არც უარყოფა. ვადის შემცირება მომხმარებლისთვის მტკივნეული იქნება. რამდენად გრძელვადიანი ეფექტი ექნება, უნდა დავთვალოთ და შევხედოთ. სასურველია, რომ ვადა 4 წლამდე შენარჩუნდეს", - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
2022 წლის აგვისტოში არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა 4-დან 3 წლამდე შემცირდა. გასული წლის ნოემბრიდან კი სებ-მა ის კვლავ 4 წლამდე გაზარდა. მიიღებს თუ არა ეროვნული ბანკი სამომხმარებლო სესხების ვადიანობის შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, 26 ივნისის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომაზე გაირკვევა.