ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა.
კომისიამ 20 ივნისს გამართულ საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 41 საკითხი განიხილა. საკითხები შეეხებოდა მომხმარებლებსა და კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ დავებს, წყალმომარაგების და ელექტროენერგიის ქსელებზე ახალი მომხმარებლების მიერთების ვადებს და სატარიფო საკითხებს.
კომისიამ იმსჯელა "ელექტოენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის ოპერატორის მომსახურების შესაბამისი საფასურის დადგენის მიზნით შედგენილი სს "საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის საბოლოო ანგარიშის შესახებ.
სხდომაზე კომისიამ განიხილა საკითხები „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც შეეხებოდა სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისთვის“ ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასურის (დროებითი ტარიფის) დადგენას. გარდა ამისა, ცვლილებები შეეხებოდა შპს „მტკვარი ენერჯისთვის“, შპს „ჯიფაუერისთვის“, სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისთვის“, შპს "თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისთვის" და „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში შესაბამისი საფასურის დადგენას. ასევე, სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისთვის“ და შპს "თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისთვის" ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების და ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფების დადგენის შესახებ.