სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“ (სენბი) ნორვეგიული კომპანია Nord Pool AS-ისგან სავაჭრო პლატფორმის მომსახურების შესყიდვას 1.4952 მილიონ ევროდ გეგმავს. შესყიდვის ვადა 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 2030 წლის 1 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.
ბირჟის განმარტებით, შესყიდვა დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8 სექტემბრის №438 დადგენილებით ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციაში შეტანილ ცვლილებებთან. ცვლილების შედეგად, 2026 წლის 1 ოქტომბრიდან დღიური ბაზრის ოპერირება უნდა შეჩერდეს, თუმცა დღით ადრე ბაზრის ფუნქციონირება უნდა გაგრძელდეს. შესაბამისად, Nord Pool-ის მომსახურების მასშტაბი და საფასური უნდა შემცირდეს, ხოლო პლატფორმის გამოყენება 2027 წლის 1 ივლისის შემდეგაც გაგრძელდეს.
„საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ მოქმედი ხელშეკრულება Nord Pool-თან 2027 წლის 1 ივლისამდეა ძალაში. ბირჟის ინფორმაციით, Nord Pool-ის ახალი კომერციული შეთავაზება შემცირებულ საფასურს ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება 2030 წლის 1 ივლისამდე გაგრძელდება. შესყიდვის საერთო ღირებულებაში 61 500 ევრო საკონსულტაციო მომსახურებასა და დღიური ბაზრის სამომავლო ხელახალი გაშვების საფასურს მოიცავს.
სენბის განმარტებით, მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში შეფერხდება დღით ადრე ბაზრის ოპერირება, რომელიც ბირჟის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის ნაწილია. არსებული პლატფორმა უკვე მორგებულია ქართულ ელექტროენერგიის ბაზარზე, მასზე რეგისტრირებულია და სერტიფიცირებულია 100-ზე მეტი სავაჭრო წარმომადგენელი, ხოლო პლატფორმა დაკავშირებულია ანგარიშსწორების, რისკების მართვისა და სხვა საოპერაციო პროცესებთან.
ბირჟა ასევე მიუთითებს, რომ ალტერნატიული პლატფორმის შერჩევისა და დანერგვის პროცესი შესაძლოა ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდეს და მოითხოვოს ბაზრის წესების, საოპერაციო დოკუმენტებისა და დაკავშირებული სისტემების ცვლილება. ამ მიზეზით, სენბი მიიჩნევს, რომ არსებული პლატფორმის მომსახურების გაგრძელება აუცილებელია ბაზრის უწყვეტი ფუნქციონირებისთვის, ხოლო მომავალში, ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებისა და ტექნიკური მოთხოვნების სტაბილიზაციის შემდეგ, ახალი პლატფორმის შერჩევა კონკურენტული პროცედურით იქნება შესაძლებელი.
























