მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშაბათს ჟენევაში რუსეთ-უკრაინისა და აშშ-ირანის მოლაპარაკებები გაიმართება

აშშ და ირანი

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში სამშაბათს ორი უმაღლესი რანგის დიპლომატიური მოლაპარაკება გაიმართება. არსებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე, ბიზნესმენი ჯარედ კუშნერი ჯერ ირანულ მხარესთან გამართავენ შეხვედრას, შემდეგ კი რუსეთ-უკრაინა-აშშ-ის სამმხრივ მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას. ირანთან მოლაპარაკებებში ამჯერადაც ომანიდან ჩამოსული მაღალი თანამდებობის პირი იქნება ჩართული. ის მხარეებს პოზიციების გაცვლაში ისე დაეხმარება, რომ ფიზიკურად ერთმანეთს არ შეხვდნენ.

ცნობისთვის, როცა ორი აქტორი ერთმანეთთან სერიოზულადაა დაპირისპირებული და მათ დიპლომატიური კავშირები გაწყვეტილი აქვთ, სწორედ მესამე მხარე თამაშობს მომლაპარაკებლის როლს. ირანის ხელისუფლებასთან მე-2 რაუნდის გამართვით ოფიციალურ ვაშინგტონს სურს, დაადგინოს, რა დათმობებისთვის არიან ისინი მზად. თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი შეეცდება, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოთხოვნების შემცირებასა და აქცენტის მხოლოდ ბირთვული პროგრამაზე გადატანაზე დაითანხმოს. მოგეხსენებათ, პრეზიდენტ ტრამპს არამარტო ურანის გამდიდრების დასრულებაზე სურს აიათოლას რეჟიმის დათანხმება, არამედ სარაკეტო არსენალის შემცირებასა და რეგიონული ტერორისტული მოკავშირეების დახმარების შეჩერებაზეც. წინააღმდეგ შემთხვევაში, შტატების ლიდერი ძალის გამოყენებასა და რეჟიმის ცვლილებასაც არ გამორიცხავს.

რაც შეეხება დღის მეორე მნიშვნელოვან მოვლენას, აშშ-ირანის არაპირდაპირი დიალოგის შემდეგ ყურადღების ცენტრში შტატების შუამავლობით რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მესამე რაუნდი იქნება. როგორც ცნობილია, შტატების ლიდერს ომის ზაფხულის მეორე ნახევრამდე დასრულება სურს. თავის მხრივ, კიევი მზადაა, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები და კონფლიქტის ყველაზე პრობლემური საკითხები რეფერენდუმზე გაიტანოს. თუმცა ძირითად გამოწვევად კვლავ დონბასის რეგიონის ბედი რჩება. თუ რუსეთს დონეცკისა და ლუჰანსკის არაოკუპირებული ტერიტორიების უბრძოლველად აღებაც სურს, უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მსგავს რამეს არ დაუშვებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები