მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორში მენეჯერულ პოზიციაზე ქალების წილი 30%-ია“ - CMC GEORGIA

64076455eb461
თათია ჩაფიჩაძე
10.03.23 09:30
638
„საქართველოში სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორში მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებული ქალების წილი დაახლოებით 30%-ს აღწევს“- ამის შესახებ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ CMC GEORGIA-ს ბიზნესისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორმა ნინო მესაბლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გლობალურად სექტორში დასაქმებული ქალების წილი 10%-იან ნიშნულს არ სცდება.

„ქალების ჩართულობა ამ სექტორში საკმაოდ დაბალია, მსოფლიოში სამშენებლო და უძრავ ქონებაში დაახლოებით 10%-ს შეადგენს, თუმცა ტრენდი მზარდია. არ არსებობს ქალების და კაცების პროფესიები, არსებობს მხოლოდ ინტერესი. ქალების ჩართულობა მნიშვნელოვანია, რომ უფრო მრავალფეროვანი გახდეს ეს სექტორი.

სამწუხაროდ გვხვდება ისეთი ინდუსტრიები და პროფესიები, სადაც განსხვავებული ხელფასებია კაცებსა და ქალებს შორის, თუმცა ეს ტენდენციაც ირღვევა. ჩვენს სექტორში თითქმის თანაბარი ანაზღაურებაა.

ძირითადად ქალბატონებს ოფისის პოზიციები უჭირავთ, ეს არის გაყიდვები, მარკეტინგი, ბუღალტერია. ეს არ გამორიცხავს რომ პროექტებზეც და სამშენებლო უბნებშიც არიან ჩართულები და ჩვენი კომპანიაც ამის მაგალითია, თვითონ სამშენებლო მოედანზეც არიან ქალები ჩართულები და პროექტს კურირებენ.

მენეჯერულზეც არიან დასაქმებულები, ვერ ვიტყვი, რომ 50-50%-ზეა, თუმცა 10%-ს მაინც აღემატება ქალების წილი მენეჯერულ პოზიციებზე, დაახლოებით 30%-მდე ადის და იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ მივალთ გათანაბრებამდეც განსაკუთრებით შუა და ზედა რგოლის მენეჯერებში.

უნდა მოვუწოდოთ ახლანდელ თაობას რომ სქესი არ განასხვავებს პროფესიებს, მთავარია ინტერესი გამოხატონ. კომპანიების მხრიდანაც უნდა მოხდეს წახალისება და მათაც უნდა შეცვალონ მიდგომები მისთვის, რომ ეს ბალანსი იყოს დაცული", - განაცხადა მესაბლიშვილმა.

CEO ქალები უძრავ ქონებაში - ეს იყო სასტუმრო „პულმანში“ FIABCI-Georgia-ს და Property Georgia-ს ორგანიზებით გამართული ღონისძიების ერთ-ერთი თემა. ღონისძიება რამდენიმე პანელისგან შედგებოდა, რომელთა შორის ასევე იყო სამშენებლო-დეველოპერულ სექტორთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები, კანონმდებლობა და მედეგობა მშენებლობაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები