მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“რამდენიმე მსხვილი პროექტი, რომელიც ვიცოდით რომ უნდა დაწყებულიყო, არ დაიწყო” - ტენდენციები სამშენებლო სექტორში

ნინო მესაბლიშვილი

“რამდენიმე მსხვილი პროექტი, რომელიც ვიცოდით რომ უნდა დაწყებულიყო, არ დაიწყო”, - ამის შესახებ CMC-ის ბიზნესისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორმა, ნინო მესაბლიშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ სექტორის შეფასებისას ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, 2024 წლის ბოლო კვარტალიდან, პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სამშენებლო სექტორში რხევები და კრიზისული მდგომარეობა შეინიშნებოდა. რამდენიმე კომპანიამ პროექტი გააჩერა და ზოგსაც პროექტი რომ უნდა დაეწყო, არ დაიწყო. აღნიშნული სექტორზე უარყოფითად აისახა.

“ინვესტორები, რომლებიც შემოსვლას აპირებდნენ, არ შემოვიდნენ და სამწუხაროდ მსგავსი ფაქტები გვქონდა. საუბარია დასავლელ ინვესტორებზე. მათ ინვესტიცია სასტუმროს თუ სხვადასხვა მიმართულებით უნდა განეხორციელებინათ და მშენებლობა დაეწყოთ. თუმცა, პოლიტიკური მდგომარეობის გამო, პროექტები დაპაუზდა.

რამდენიმე მსხვილი პროექტი, რომელიც ვიცოდით რომ უნდა დაწყებულიყო, არ დაიწყო. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია დასტაბილურდება და ინვესტორები შემოვლენ ”, - ამბობს CMC-ის ბიზნესისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორი.

ნინო მესაბლიშვილის განმარტებით, კომპანიამ არსებული კრიზისიდან გამოსავალი საერთაშორისო ბაზრებზე იპოვა. უფრო კონკრეტულად, CMC გერმანულ მსხვილ კომპანიას „კეივიელი“ დაუპარტნიორდა, რომელთან ერთადაც სერბეთსა და სომხეთში პროექტები განახორციელა.

„გერმანულ კომპანიასთან პარტნიორობამ სომხეთში ძალიან კარგი რეპუტაცია მოგვიტანა და CMC-მ დანარჩენი პროექტები პარტნიორის გარეშე აიღო. შედეგად, ახლა სომხეთში კიდევ ორი მიმდინარე პროექტი გვაქვს და მესამე ძალიან მსხვილი პროექტი ავიღეთ. უფრო კონკრეტულად, მულტიფუნქციური საცხოვრებელი 12 კორპუსი ავიღეთ.

ამასთან, სხვა ქვეყნებზეც გვაქვს აქცენტი, კომპანია დარეგისტრირებული გვაქვს და ველოდებით ახალი პროექტების წამოწყებას. სამწუხაროდ, კრიტიკული მდგომარეობიდან გამოსავალს ვხედავთ, რომ უფრო მეტად საერთაშორისო ბაზარზე გავაქტიურდეთ“ , - ამბობს მესაბლიშვილი და დასძენს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე პროექტების განხორციელება ბევრად მოგებიანია, ვინაიდან მათ საქართველოსგან განსხვავებით უკეთ იციან, თუ რაში იხდიან ფულს.

კომპანიის ბიზნესისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორის ცნობით, კომპანია სულ მცირე 2 წლიან პროექტებში შედის და პროექტის ხანგრძლივობა ექსპლუატაციის ჩათვლით 2-დან 6 წლამდე გრძელდება.

ინფორმაციისთვის, CMC ბაზარზე 15 წელია ოპერირებს და ამ დროისათვის 150-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები