„დღეს აღარ არის საკმარისი მომხმარებელს მხოლოდ ოთხი კედელი შესთავაზო“, - ამის შესახებ დეველოპერული კომპანია „ბლოქსის“ გაყიდვების ხელმძღვანელმა თამარ კაჭარავამ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი შეფასებით, ბოლო წლებში დეველოპერული სექტორი განვითარდა და მომხმარებლისთვის საცხოვრებელი ფართის გარდა, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ინფრასტრუქტურა, კეთილმოწყობილი ეზოები, სარეკრეაციო და საერთო სამუშაო სივრცეები. კაჭარავას თქმით, პროექტის ხარისხს განსაზღვრავს არა მხოლოდ თავად ბინა, არამედ ის გარემოც, რომელიც მობინადრეს მშენებლობის დასრულების შემდეგ დახვდება.
„ყველა დეველოპერს უწევს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ინფრასტრუქტურას, ვიზუალს, ექსტერიერსა და მაქსიმალურ კომფორტს. მნიშვნელოვანია ის, თუ რისთვის იძენს მომხმარებელი ამ ქონებას და რა დახვდება მას 2-3 წელიწადში, როცა პროექტი დასრულდება: კეთილმოწყობილი ეზო, სარეკრეაციო სივრცეები, საერთო სამუშაო ზონები (co-working spaces), როგორც ღია, ისე დახურული საბავშვო და გასართობი სივრცეები. ეს ყველაფერი პროექტებს ხარისხობრივად ხვეწს და მიხარია, რომ სხვა დეველოპერებიც ამ მიმართულებით ვითარდებიან“, - განაცხადა თამარ კაჭარავამ.
რაც შეეხება უძრავი ქონების ფასებს, „ბლოქსი“ ზრდას ელოდება. კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელის განმარტებით, ისტორიული მონაცემებით, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე თითოეულ პროექტში უძრავი ქონების ღირებულება საშუალოდ 20-30%-ით იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ფასები გარკვეულწილად დასტაბილურდა, კომპანია ზრდის გაგრძელებას პროგნოზირებს.
„ფასების ზრდა ნამდვილად მოსალოდნელია, რადგან ისტორიული მონაცემებიდან გამომდინარე, წლიდან წლამდე ფასები მუდმივად მატულობს, თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში გარკვეულწილად დასტაბილურდა კიდეც. რეალურად, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე თითოეულ პროექტში უძრავი ქონების ღირებულება საშუალოდ 20-30%-ით მაინც იზრდება ხოლმე, ამიტომ ამ ეტაპზეც ფასების ზრდას ველოდებით“, - აღნიშნა მან.
კაჭარავას ინფორმაციით, „ბლოქსის“ პროექტებში მყიდველების ძირითად ნაწილს საქართველოს მოქალაქეები და ადგილობრივი რეზიდენტები წარმოადგენენ. არარეზიდენტების წილი დაახლოებით 10-15%-ია, მათ შორის კი ყველაზე მეტი მყიდველი ისრაელიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ევროპის ქვეყნებიდანაა.
მისივე თქმით, უცხოელი მყიდველების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა მათი ინტერესი კონკრეტულ პროექტსა და მის მდებარეობაზეა დამოკიდებული.
























