კომპანია „ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტის, ნოდარ გიორგაძის განცხადებით, თბილისის ზღვის მიმდებარედ კომპანიის პროექტში უძრავი ქონების კვადრატული მეტრის ღირებულება გაყიდვების დაწყებიდან დღემდე 28%-ით გაიზარდა.
როგორც მან BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ განაცხადა, პროექტი საინვესტიციო თვალსაზრისით მიმზიდველია და მყიდველებს ქონების შემდგომი რეალიზებით სარგებლის მიღების შესაძლებლობა აქვთ.
„ჩემი ოჯახის წევრებსაც კი და ყველა ახლობელს ვურჩიე, რომ იყიდონ. იმიტომ კი არა, რომ გაყიდვის პრობლემა მაქვს, ნამდვილად არა. არამედ იმიტომ, რომ ეკონომიკურად არის ძალიან მოგებიანი. კონკრეტულ ციფრებზე აღარ მინდა გავიდე, მაგრამ გეტყვით იმას, რომ წელიწად-ნახევრის წინ, როცა გაყიდვები დაიწყო, მაქსიმუმ ორი წელია, იქიდან მოყოლებული კვადრატული მეტრის ღირებულება გაზრდილია 28%-ით და ეს მუდმივად იზრდება“, - განაცხადა ნოდარ გიორგაძემ.
კითხვაზე თუ მყიდველი უძრავ ქონებას 1 000 დოლარად შეიძენს, მოგვიანებით კი 1 300 დოლარად გაყიდის, ფასთა სხვაობა 300 დოლარი იქნებოდა თუ არა, გიორგაძემ განმარტა, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია შეძენისას გადასახდელი პირველადი შენატანიც, რომელიც მისი თქმით, ქონების ღირებულების 10%-ს შეადგენს : „შენ რომ 1 000 დოლარად იყიდე, პირველი გადასახადი გაქვს 10%. გადაიხადე 1 000-იდან 100 მხოლოდ. ვთქვათ, 100 კვადრატული მეტრი 100 000 დოლარად უნდა გეყიდა და 130 000 დოლარად გაყიდე, 30 000 დოლარს იგებ იმაში, რაშიც გადახდილი გაქვს 1 000 დოლარი. ეს ჩვეულებრივი ამბავია ბიზნესში. დღეს ვიყიდე საინვესტიციოდ, ხვალ გავყიდი“, - განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, პროექტის საინვესტიციო მიმართულებასთან ერთად ვითარდება სასტუმროს კომპონენტიც. ტერიტორიაზე Wyndham Grand-ის ბრენდის სასტუმროს აშენება იგეგმება, რომელშიც 276 აპარტამენტი მოეწყობა. სასტუმრო ასევე მოიცავს საკონფერენციო და სადღესასწაულო ცენტრებს, ველნესისა და სპა სივრცეს, აუზსა და ბავშვთა გასართობ ცენტრს.
გიორგაძის განმარტებით, Wyndham-ი პროექტში ფრანჩაიზის მოდელით მონაწილეობს და ჰოლდინგს მომსახურების სტანდარტების დანერგვაში, კადრების მომზადებასა და აპარტამენტების პოპულარიზაციაში დაეხმარება.
30 ჰექტარზე განაშენიანებული „თბილისის ბულვარი“ როგორც საცხოვრებელ, ისე საინვესტიციო, სავაჭრო, საოფისე, გასართობ და სასტუმრო ინფრასტრუქტურას გააერთიანებს. კერძოდ, „თბილისის ბულვარში“ განთავსდება: მწვანე და კეთილმოწყობილი ეზო, საბავშვო გასართობი ინფრასტრუქტურით, ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის მოედანი, პადელის და ჩოგბურთის კორტები, ველობილიკები, სავარჯიშო დარბაზი, სკოლა და საბავშვო ბაღი, სავაჭრო და ბიზნესცენტრები საერთო სამუშაო სივრცეებით, სასტუმრო, სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრი,სამედიცინო კლინიკა, რესტორნები და კაფეები, ბანკი, აფთიაქი და სხვა სამომხმარებლო ობიექტები. პარკინგის დამოუკიდებელი შენობა 1000 ავტომობილზე და კეთილმოწყობილი 8 000 კვ.მ სანაპირო ზოლი.
























