საქართველოში „ჯინო ჰოლდინგის“ პროექტების მიმართ უცხოეთის მოქალაქეების ინტერესი იზრდება. კომპანიის პრეზიდენტის, ნოდარ გიორგაძის განცხადებით, უცხოელები საქართველოში უძრავ ქონებას არა მხოლოდ საინვესტიციოდ, არამედ საცხოვრებლადაც ყიდულობენ.
როგორც გიორგაძემ BMGTV-ის გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ თქვა, დაინტერესება ისრაელიდან, აშშ-დან და ევროპის ქვეყნებიდან მოდის. ბოლო პერიოდში კი ჰოლდინგის პროექტებით განსაკუთრებით ჩეხეთის, პოლონეთისა და ავსტრიის მოქალაქეები ინტერესდებიან.
„თავად გაკვირვებული ვარ, რომ მართლა ძალიან დიდ ინტერესია. უცხოელების მხრიდან დაინტერესება უკვე არა მხოლოდ საინვესტიციო პროექტებზე, არამედ საცხოვრებელ სექტორზეც არის. ინტერესდებიან ისრაელიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან. როდესაც ვეკითხები, რატომ ყიდულობენ აქ საცხოვრებელ უძრავ ქონებას, მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეები არ არიან, ძალიან საინტერესო პასუხი აქვთ: სიბერე გვინდა ამ ქვეყანაში გავატაროთო“, - ამბობს ის.
მისივე თქმით, დაინტერესება მხოლოდ უძრავი ქონებით არ შემოიფარგლება. პოლონელი და ავსტრიელი პოტენციური ინვესტორები ჰოლდინგის სხვა მიმართულებებითაც ინტერესდებიან, მათ შორის ენერგეტიკითა და სოფლის მეურნეობით.
„ჩეხეთი პირველ რიგში, პოლონეთი წამოვიდა ძალიან აქტიურად, იმიტომ რომ პოლონეთი ზოგადად ძალიან შემოსულია სლოვაკეთში და ჩემს პროექტებშიც. ავსტრიელებმა გამოხატეს ძალიან სერიოზული ინტერესები. უნდათ ჩვენი პროექტების გაცნობა. არა მარტო საცხოვრებელი ან საინვესტიციო სასტუმრო აპარტამენტები აინტერესებთ, არამედ - ენერგეტიკაც. სხვათა შორის, სოფლის მეურნეობაც“, - აღნიშნა კომპანიის პრეზიდენტმა.
ნოდარ გიორგაძის ინფორმაციითვე, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში „ჯინო ჰოლდინგის“ ინვესტიციებმა სლოვაკეთსა და საქართველოში ჯამურად 50 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
რაც შეეხება თბილისის ზღვის მიმდებარედ მიმდინარე „თბილისის ბულვარის“ პროექტს, გიორგაძის თქმით, სამშენებლო სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს, ექვსსართულიანი სასტუმროს კარკასი დასრულებულია, საცხოვრებელი კომპლექსის ერთი ბლოკი კი დასასრულს უახლოვდება.
„დავიწყეთ სანაპირო ზოლის მოწყობა თბილისის ზღვის სანაპიროზე. იქ ექვსსართულიანი სასტუმროა. კარკასი უკვე დამთავრებულია და იწყება შიდა სამუშაოები. ვფიქრობ, რომ 2028 წლის გაზაფხულ-ზაფხულში შეიძლება გავხსნათ. რაც შეეხება საცხოვრებელ სექტორს, იქ ერთი ბლოკი, ორი კორპუსით, უკვე მთავრდება. ვფიქრობთ, წლის ბოლოს უკვე შევიტანთ წინადადებას ექსპლუატაციაში მიღებაზე. გარდა ამისა, დავიწყეთ კიდევ ერთი ბლოკი, სადაც ორი კორპუსია და ახლა C ბლოკზე მიწის სამუშაოებიც დაიწყო. ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის ყველაფერი დასრულებული იქნება“, - განაცხადა გიორგაძემ და დასძინა, რომ თავდაპირველ გეგმასთან შედარებით პროექტის დასრულება ორი წლით დაჩქარდა.
30 ჰექტარზე განაშენიანებული „თბილისის ბულვარი“ როგორც საცხოვრებელ, ისე საინვესტიციო, სავაჭრო, საოფისე, გასართობ და სასტუმრო ინფრასტრუქტურას გააერთიანებს. კერძოდ, „თბილისის ბულვარში“ განთავსდება: მწვანე და კეთილმოწყობილი ეზო, საბავშვო გასართობი ინფრასტრუქტურით, ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის მოედანი, პადელის და ჩოგბურთის კორტები, ველობილიკები, სავარჯიშო დარბაზი, სკოლა და საბავშვო ბაღი, სავაჭრო და ბიზნესცენტრები საერთო სამუშაო სივრცეებით, სასტუმრო, სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრი,სამედიცინო კლინიკა, რესტორნები და კაფეები, ბანკი, აფთიაქი და სხვა სამომხმარებლო ობიექტები. პარკინგის დამოუკიდებელი შენობა 1000 ავტომობილზე და კეთილმოწყობილი 8 000 კვ.მ სანაპირო ზოლი.
























