"სამშენებლო & დეველოპერული სექტორები - ტენდენციები, გამოწვევები" - ამ სახელწოდებით სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" BMG-ის გადაცემა "უძრავი ქონების პროსპექტმა" საკონსულტაციო კომპანია "პროსპექტთან" პარტნიორობით კონფერენცია გამართა.
ღონისძიების პირველი ნაწილი მთავარი პარტნიორის, “თიბისი კაპიტალის” პრეზენტაციას დაეთმო. კომპანიამ სტუმრებს უძრავი ქონების ბაზრის კვლევა წარუდგინა და იმ პოტენციალზე ისაუბრა, რაც სექტორს გააჩნია.
საინტერესოა რომ წლის 8 თვიანი შეჯამების მიხედვით, პიკური პერიოდის გადავლის ფონზე გაყიდვების კლება მხოლოდ 2%-ია. მათი პროგნოზით, წელი თბილისში 4-5%-იანი კლებით დასრულდება და ბაზარი დასტაბილურებას გააგრძელებს 2025 წელსაც.
რაც შეეხება ბათუმს, აქ კლება უფრო დიდია, - 14%-იანი და მოლოდინია, რომ აჭარის უძრავი ქონების ბაზარი წელს 10-15%-იანი შემცირებით დაასრულებს. მიზეზი კი გახლავთ ის, რომ ბათუმში მყიდველების 71% არიან ინვესტორები და ისინი მიმდინარე გარე და შიდა ფაქტორებზე უფრო მეტად რეაგირებენ. სხვათა შორის თბილისში მყიდველების 70% ადგილობრივია და მიზნობრიობა არის საცხოვრებელი, მაშინ როცა ბათუმში 85% ბინას საინვესტიციო მიზნებისთვის ყიდულობს.
წლიურ ჭრილში კვლავ მოთხოვნადია მცირე ზომის ბინები, 50-75კვ. ბათუმში კიდევ უფრო პატარა სახლებს ეძებენ და ეს არის 35კვ-მდე. მიუხედავად ამ კლების ტენდენციებისა, თიბისი კაპიტალში ამბობენ, რომ გაიაფების ობიექტური საფუძვლები არ არსებობს და მეტიც, იმის გათვალისწინებით, რომ ევროპულ და მეზობელ ქვეყნებთან შედარებითაც კი საქართველოში არსებული ქონება ბევრად იაფია, ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ფასების გაცილებით დიდ ზრდას გამოიწვევს.