მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამშენებლო კომპანიების დაპირებები VS რეალობა - როგორ დავიცვათ მომხმარებლები?

ბექა თეზელაშვილი
11.12.25 09:13
1803

როცა ადამიანი ბინას/უძრავ ქონებას ყიდულობს, ის მხოლოდ კედლებს არ იძენს — ის იძენს მომავალს, უსაფრთხოებას, ოჯახისთვის ადგილს და ოცნებას ბედნიერ ცხოვრებაზე. სწორედ ამიტომ, სამშენებლო კომპანიების მიერ გაკეთებული დაპირებები, ლამაზი რენდერები, სოციალურ ქსელებში გავრცელებული რგოლები და პრეზენტაციები არ არის უბრალოდ რეკლამა — ეს მყიდველის ემოციური და ეკონომიკური გადაწყვეტილების ფორმირებაა.

საქართველოში არცთუ ისე იშვიათია გამოცდილება, როდესაც რეალობა ხშირად არ ემთხვევა არსებულ რენდერებს. ამიტომ მნიშვნელოვანია კითხვა: რამდენად იცავს სახელმწიფო ამ ოცნებების მყიდველს? როგორ მოეთხოვოს დეველოპერს სარეკლამო პარადიზის შესრულება.

მომხმარებლებში ხშირია კითხვა არის თუ არა კანონი მყიდველის მხარეს.

სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის, მე-3 ქვეპუნქტი განსაზღვრავს კეთილსინდისიერების პრინციპს. ეს პრინციპი გულისხმობს, რომ თუ კომპანია ქმნის მოლოდინს, მას პასუხისმგებლობა ეკისრება. ამიტომ დაპირება „ჩვენ ვაშენებთ საუკეთესო ხარისხით“ — აღარ არის უბრალო ლოზუნგი.

არის თუ არა სარეკლამო დაპირება სამართლებრივი ვალდებულება?

როდესაც სამშენებლო, დეველოპერული კომპანიები Facebook-ზე, ტელევიზიაში ან ბილბორდებზე აცხადებენ: „ევროპული ხარისხი“, „ღია და დახურული აუზი“, „მწვანე ეზო“ — ისინი ქმნიან კონკრეტულ მოლოდინს.

სასამართლო პრაქტიკა ამბობს: თუ მოქალაქეებმა ეს განცხადება საფუძვლად გამოიყენეს გადაწყვეტილების მისაღებად, მაშინ სარეკლამო დაპირება ხდება ხელშეკრულების ინტერპრეტაციის ნაწილი.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ხშირია კითხვა მომხმარებლებიდან, როგორ უნდა დაიცვას მყიდველმა თავი?

  1. შეინახეთ ყველა დაპირება — ფოტოები, ვიდეოები, პოსტები.
  2. მოითხოვეთ დეტალური აღწერა ხელშეკრულებაში.
  3. თუ პირობები იცვლება — გაგზავნეთ ოფიციალური წერილი და დააფიქსირეთ პოზიცია.

საჭიროების შემთხვევაში — სასამართლო მტკიცებულება უკვე გაქვთ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ თქვენი ოცნების დაცვა იურიდიული საკითხია, ასე რომ მშრალი სამართალი საქართველოში ქმნის ცოცხალ რეალობას — მოქალაქეს შეუძლია საკუთარი ოცნების დაცვა. ჩვენი კანონმდებლობა ავლენს მყიდველის მხარდაჭერას და სასამართლო პრაქტიკა ამ მხარდაჭერას უკვე იყენებს.

მაყურებლისთვის მთავარი გზავნილი ასეთია: სარეკლამო დაპირება მხოლოდ სიტყვა აღარ არის — ის სამართლებრივი ინსტრუმენტია, რომლის შესრულებაც სავალდებულოა.

საქართველოს კანონმდებლობა მყიდველს რეალურად იცავს. სამოქალაქო კოდექსი, საჯარო რეესტრის ინსტრუმენტები და სასამართლო პრაქტიკა ქმნის სამართლებრივ საფუძველს იმისათვის, რომ სარეკლამო დაპირება იქცეს ვალდებულებად. მყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს შესრულდეს ის, რაც დეველოპერმა საჯაროდ უკარნახა. სარეკლამო სიტყვა ხდება სამართლებრივი მოთხოვნის საფუძველი და საქართველოს სამართალი ამ პრინციპს უკვე იცავს.

ავტორი: ბექა თეზელაშვილი

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები