მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“სამშენებლო მანქანები თბილისიდან მცხეთის ტერიტორიაზე გადიან და სამშენებლო ნარჩენს იქ ყრიან”- ნინო ჩხობაძე

სამშენებლო ნარჩენი

არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანისთვის მერიამ ვებგვერდი შექმნა - მ³ გატანის ფასი 9 ლარია - სიახლე ფიზიკურ პირებს ეხებათ, რომლებისთვისაც სარემონტო სამუშაოების შემდეგ ინერტული ნარჩენების განთავსება გამოწვევას წარმოადგენდა. მერიაში აცხადებენ, რომ სერვისის გააქტიურების მიზანი დედაქალაქში სამშენებლო ნარჩენების უსისტემო განთავსებაა, რომლის მონიტორინგსაც წესით მუნიციპალური ინსპექცია ახორციელებს.

დედაქალაქში რომ არალეგალური სამშენებლო ნარჩენების პოლიგონები მომრავლდა ამას ადასტურებს „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.

მისი შეფასებით, სამშენებლო ნარჩენის მართვა გახშირებული მშენებლობების ფონზე ყველა მუნიციპალიტეტისთვის გამოწვევაა და განსაკუთრებით პრობლემური საკურორტო ზონებისთვის არის.

ჩხობაძე ამბობს, რომ უკანონოდ ინერტული მასალების განთავსება დასახლებულ პუნქტებს მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის და ასევე საფრთხის ქვეშ აყენებს მოსახლეობის ჯანმრთელობას.

“ჩვენ მივიღეთ უსისტემო სამშენებლო ნარჩენების პოლიგონები, ძალიან ბევრ შემთხვევაში პრობლემური ქალაქებისთვის და არა მხოლოდ, ნებისმიერი დასახლებული პუნქტისთვის. თბილისში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებით, ბინძურდება მცხეთის მუნიციპალიტეტი მარტივი მაგალითი რომ გითხრათ, სამშენებლო მანქანები გადიან მცხეთის ტერიტორიაზე და იქ ყრიან სამშენებლო ნარჩენს, სადაც შეუძლიათ რომ დაყარონ. ამის გამო ჩვენ ერთი კვირა ვიყავით წყლის გარეშე, იმიტომ რომ უსისტემოდ იყრებოდა ამ ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენი. საბოლოოდ დაზიანდა ცენტრალური წყლის მილი და პრობლემები შეექმნა ქალაქს. ასეთი მაგალითები ძალიან ბევრია საქართველოს ტერიტორიაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ კანონი სრულად არ ამოქმედებულა და სერვისიც არ არის სათანადოდ ხელმისაწვდომი, რომ შეძლონ ნარჩენების პოლიგონზე გატანა,”- ამბობს „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები