სამშენებლო მანქანების მიერ ქუჩების დაბინძურებისთვის წლის განმავლობაში 600-ზე მეტი ჯარიმა გაიწერა - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ამ კუთხით ჯარიმების ზრდა დაგეგმილი არ არის, თუმცა მონიტორინგი გამკაცრდება.
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში 600-ზე მეტი ჯარიმა იყო გაწერილი, აღნიშნულ სამართალდარღვევასთან მიმართებით. როგორც მერმა განაცხადა, ეს საკმარისი არ არის და ხშირად ვნახულობთ, როდესაც სამშენებლო ობიექტებიდან გამოსული მანქანები აბინძურებენ ქალაქის იერსახეს და ჰაერსაც. მერის დავალების საფუძველზე მონიტორინგი გამკაცრდება და ყოველ ასეთ შემთხვევაზე შესაბამისი ჯარიმა იქნება“, - აღნიშნა გულედანმა.
როგორც თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე კახა კალაძემ განაცხადა, სამშენებლო მოედნებიდან გამოსული მანქანები დედაქალაქში ეკოლოგიურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ქმნიან. მან შესაბამის სამსახურებს მონიტორინგის გამკაცრება დაავალა. მისივე ინფორმაციით, სამშენებლო მოედნებიდან დაბინძურებული მანქანების გამოსვლა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმები, ფიზიკური პირის შემთხვევაში ეს არის 500 ლარი, იურიდიული პირის შემთხვევაში 1000 ლარი, ხოლო განმეორების შემთხვევაში 2000 ლარი.