მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშენებლო მასალების მოწოდება პრობლემურია, ზოგი საწარმო დაიკეტა - დეველოპერი

5e8f381d2c192
დავით ჯალაღონია
09.04.20 19:17
1143
მენაშენეთა ასოციაციის წარმომადგენელი, სამშენებლო კომპანია "არსის" დამფუძნებელი თორნიკე აბულაძე იმ შეფერხებებზე საუბრობს, რაც დეველოპერებს კორონავირუსის გამო შეექმნათ.

როგორც აბულაძე BM.GE-სთან განმარტავს, მისი მენეჯმენტით მიმდინარე ობიექტებზე სამუშაო პროცესის განახლებისთვის, მან ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე სპეციალური აპლიკაცია უკვე შეავსო, თუმცა არის საკითხები, რაც ამ სანებართვო დოკუმენტის აღების მიუხედავად, სამუშაოებს სავარაუდოდ, გაართულებს.

"ერთ-ერთ მთავარ პრობლემას მუშებისა და პერსონალის ადგილზე მიყვანა წარმოადგენს, თუმცა ვფიქრობ, ეს დაიძლევა. გარკვეული დისკომფორტი აქ არის, მაგრამ უხერხულია დისკომფორტზე საუბარი, როცა ეს სიტუაცია გვაქვს, რაც ზოგადად, მსოფლიოშია. ეს გასაგები და ცხადია. განაცხადი შევავსეთ და პასუხებს ველოდებით, ვნახოთ.

რაც შეეხება მასალების მოწოდებას და შეკვეთებს, ეს პრობლემატურია, რადგან ბევრი საწარმო, მომწოდებელი დახურულია. ჩვენ ხომ მარტო ჩვენს მიერ განაცხადის შევსებაზე არ ვართ დამოკიდებული? აქ საუბარია მათზეც, ვინც ჩვენ მასალებს გვაწვდის. ეს სექტორი ძალიან გადაჯაჭვულია, ბევრი სფეროა აქ ჩართული, შესაბამისად, ყველა უნდა მუშაობდეს, ყველას აპლიკაცია უნდა ჰქონდეს შევსებული, რაც დაბრკოლებას წარმოადგენს - ზოგი დაიკეტა, ზოგს განაცხადი ჯერ არ შეუვსია, ზოგს იმედი აქვს, რომ შეავსებს და ა.შ, რაც თავისთავად გარკვეულ შეფერხებას წარმოდგენს", - განმარტავს თორნიკე აბულაძე.

სამშენებლო მასალებზე საუბრისას, დეველოპერი აღნიშნავს, რომ ფასების მატება მოსალოდნელია.

"ჯერჯერობით მკაფიო გაძვირება დაფიქსირებული არ არის, რადგან უფრო ადრე მოხდა კომპანიების, მომწოდებლების დახურვა, ვიდრე ლარის კურსის დრამატული ცვლილება მოხდებოდა, თუმცა ცხადია, ამას ექნება ზეგავლენა, ყველა მასალა გაძვირდება. ამ ეტაპზე ეს მასშტაბურად დაფიქსირებული არ არის, მაგრამ პანდემია როცა დაიწყო, იმ მომენტში გარკვეული წერილები მივიღეთ კიდეც ფასების 10%-იან ზრდაზე, ვგულისხმობ არმატურასა და ბეტონს, ყველა დანარჩენ მასალაზე რა სიტუაცია იქნება, ეს კომუნიკაცია ვეღარ შედგა, რადგან საწარმოები დაიკეტა", - აცხადებს თორნიკე აბულაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები