მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშენებლო მასალების მწარმოებელმა UBG-მ პანდემიის პერიოდში საკუთარი საწარმო გახსნა

5f5224755d50a
ვიქტორია მღებრიშვილი
04.09.20 21:00
1375
მშენებლობისთვის საჭირო მასალების მწარმოებელმა კომპანია Universe Business Group-მა პანდემიის პერიოდში საკუთარი საწარმო გახსნა, რითაც წარმოება გააორმაგა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა რომან ბადალიანმა BM.GE-ის განუცხადა.

Universe Business Group-ი მშენებლობისთვის საჭირო მასალებს აწარმოებს, როგორიცაა ხარაჩო, უსაფრთხოების მოაჯირები, ყალიბები და ა.შ.

„წარმოების საკმაოდ ფართო შესაძლებლობები გვაქვს. დღემდე ჩვენ წარმოებას სხავადასხვა საწარმოებში დაკვეთით ვახორციელებდით. პროექტი, იდეა და დიზაინი ჩემი იყო და სხვებს ვაკეთებინებდი. ივნისის შემდეგ კი სამგორის რაიონში საკუთარი ქარხანა გავხსენით, სადაც 18-მდე ადამიანი დავასაქმეთ. საწარმოს ამოქმედებისთვის ჯამში 50 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება, რაც სრულად ჩვენი ინვეტიციაა“, - განაცხადა რომან ბადალიანმა.

მისივე თქმით, საკუთარი საწარმოს გახსნამ კომპანიის წარმადობა გააორმაგა.

„ორი თვის მონაცემებით, კომპანიის ბრუნვა 100 000 ლარამდე გაიზარდა. ფაქტობრივად, საწარმოს გახსნით ჩვენი წარმოება გაორმაგდა. წლიური გეგმა კი თვეში 200-300 ათასი ლარია“, - ამბობს UBG-ის დამფუძნებელი.

ამასთან, რომან ბადალიანი აცხადებს, რომ დღეისთვის კომპანიას საიჯარო ხარჯები აქვს და იმისთვის რომ ფინანსები მაქსიმალურად წარმოების განვითარების მიმართულებით იქნას ათვისებული, კომპანია გეგმავს სახელმწიფოს ქონების პრივატიზების თხოვნით მიმართოს.

„დღეისთვის ტერიტორია, სადაც საწარმო მდებარეობს, იჯარით გვაქვს აღებული, რაც კომპანიისთვის ძალიან დიდი ხარჯია. ამიტომ, ვგეგმავთ მივმართოთ ეკონომიკის სამინისტროს, რომ შევძლოთ სახელმწიფო ქონების პრივატიზება საინვესტიციო პირობებით. იმ შემთხვევაში თუ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან საწარმოსთვის აუცილებელი შენობა-ნაგებობის გადმოცემა, მაშინ ჩვენი იჯარის ხარჯები წარმოების გაზრდისკენ მიიმართება და შესაბამისად წარმოებული პროდუქციის მოცულობაც გაიზრდება“, - უთხრა BM.GE-ის რომან ბადალიანმა.

მწარმოებელი მიიჩნევს, რომ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ორი თვის განმავლობაში გაყიდვების შემცირების მიუხედავად, 2020 წელს კომპანიის გაყიდვები 20-25%-ით გაიზრდება.

„ვინაიდან სამშენებლო ბიზნესი მუშაობს, მოთხოვნა ჩვენს პროდუქტზე არის. მიმდინარე წელს ჩვენ 2-3 თვის განმავლობაში გაყიდვებში ვარდნა გვქონდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ახალი საწარმოს წარმადობა გაზრდილია, ვფიქრობთ, 2020 წელს გაყიდვები დაახლოებით 20-25%-ით გაზირდება, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ პანდემია მოგვცემს საშუალებას და კვლავ არ მოხდება შეზღუდვების დაწესება“, - აღნიშნა Universe Business Group-ის დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები