მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშენებლო მასალების სექტორში ზრდა ნარჩუნდება - სად ახორციელებს საქართველო ექსპორტს?

არმატურა

სამშენებლო მასალების ბოლო სექტორული ანალიტიკური ანგარიში 2022 წელს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში მომზადდა. კვლევამ აჩვენა, რომ 2022 წელს სამშენებლო მასალების სექტორის ბრუნვა 1,7 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით 21,6%-ით მეტი იყო.

2022 წელს სამშენებლო მასალების სექტორში 250 მილიონი დოლარის იმპორტი განხორციელდა, 19%-იანი კლება იყო ექსპორტში, რამაც აღნიშნულ პერიოდში 15,4 მილიონი დოლარი შეადგინა.

2023 წლის ჯამური მონაცემები ჯერ ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა როგორც სამშენებლო მასალების კლასტერის აღმასრულებელი დირექტორი "რედაქტ2"-თან ინტერვიუში აცხადებს, გასული წლის 3 კვარატლის მონაცემები წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებულია, რასაც რამდენიმე გარემოებამ შეუწყო ხელი.

„2023 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო სექტორისთვის. ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესი დღეს საქართველოში სამშენებლო სექტორია და დეველოპერული პროექტების ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნა სამშენებლო მასალაზეც და ეს რიცხვებშიც აისახა. რაც გვაქვს პირველი სამი კვარტალის მონაცემები, 2022 წელთან შედარებით გაუმჯობესებული იყო, რაც ერთი მხრივ მოთხოვნის ზრდასთან არის დაკავშირებული, მეორე მხრივ ხარისხიც გაიზარდა, ქართული პროდუქციის ცნობადობაც გაიზარდა ბაზარზე და საბოლოო ჯამში გაუმჯობესებული გაყიდვებით დასრულდა წელი.

პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, ჯერ ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილება და შემდგომ ექსპორტია, თუმცა მომხრე ვართ დივერსიფიცირებული იყოს ბაზარი და ექსპორტზეც გავდიოდეთ. ექსპორტი ხარისხის ზრდასაც უწყობს ხელს, სხვა სტანდარტებზე გადასვლას და წარმოების ხარისხის ზრდასაც“,-აცხადებს მარიამ ცაიშვილი.

მისი თქმით, ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 2023 წელს არ გაზრდილა, ვინც იყო ექსპორტზე ორიენტირებული, იგივე დარჩა, თუმცა ბევრი ახალი მექანიზმი ამუშავდა 2024 წლიდან, რამაც წესით ექსპორტის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი.

„საექსპორტო ქვეყნების არეალი ჯერჯერობით არის მეზობელი სახელმწიფოები, თუმცა არის რამდენიმე კომპანია, რომელიც ამერიკაშიც ახორციელებს ექსპორტს, გერმანიაშიც, არაბულ ქვეყნებშიც, თუმცა ძირითადი საექსპორტო ქვეყნების ბირთვი მეზობელი ქვეყნებია“,-აცხადებს სამშენებლო მასალების კლასტერის აღმასრულებელი დირექტორი.

2022 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სამშენებლო მასალები ძირითადად თურქეთიდან [39%], რუსეთიდან [23%] და ირანიდან [7%] შემოდიოდა, საექსპორტო ბაზრები კი მეზობელი სახელმწიფოები იყო. მთლიანი ექსპორტის თითქმის 60% სომხეთზე მოდის, 22%-იანი წილით კი მეორე ადგილზე აზერბაიჯანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები