მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 214 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს - სამინისტრო

სკოლა

დღეის მდგომარეობით, 214 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს მშენებლობა-სრული რეაბილიტაციის სამუშაოები, - ამის შესახებ განათლების სამინისტროს მიერ დეპუტატ ანა ნაცვლიშვილისთვის მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

განათლების უწყების ცნობით, სასწავლო წლის დაწყებამდე ინფრასტრუქტურული პროცესები ეტაპობრივად 40-მდე საჯარო სკოლაში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც, დაზუსტდება რამდენ მოსწავლეს მოუწევს 2024-2025 სასწავლო წელს დროებით ალტერნატიულ ფართში სწავლა.

“ასევე გაცნობებთ, რომ სსიპ-ქალაქ თბილისის №4, №10 და №11 , 14, 113 საჯარო სკოლების მშენებლობისთვის მიმდინარეობს მშენებლობის დაწყებისთვის საჭირო პროცედურები, ხოლო სსიპ - მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლის მშენებლობა დაწყებულია და შეუფერხებლად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები”, - აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, თბილისში ავარიული სკოლების მასობრივი დემონტაჟი მიმდინარეობდა. ამასთან, არაერთი სკოლის რეაბილიტაციაც განისაზღვრა. ამავე სკოლების მოსწავლეების მშობლები წლების განმავლობაში გაჭიანურებული მშენებლობებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ჩიოდნენ და მოითხოვდნენ სამშენებლო სამუშაოების დროულად დასრულებას.

როგორც რამდენიმე თვის წინ განათლების ექსპერტმა, შალვა ტაბატაძემ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, სკოლების დაახლოებით 60% რემონტს, რეაბილიტაციას ან ხელახლა მშენებლობას საჭიროებს. შესაბამისად, პრობლემა დაახლოებით 1250 სკოლაშია მოსაგვარებელი, ამიტომაც დაპირება, რომ 2026 წლისთვის ინფრასტრუქტურული ტიპის პრობლემები მოგვარდება, არარეალისტურია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები