მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სამშენებლო სექტორში ინოვაციებისთვის მზაობა არ არის“ – Element Holding-ის აღმასრულებელი დირექტორი

641c50065a38f
ვიქტორია მღებრიშვილი
23.03.23 18:42
969
„ელემენტ ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორის ზაქრო ებელაშვილის შეფასებით, სამშენებლო სექტორში ინოვაციების შეტანისთვის მზაობა არ არის და ამას კვლევებიც ადასტურებს. ამ საკითხზე მან BMGtv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.

მისი თქმით, „ელემენტ ჰოლდინგის“ და მისი შვილობილი კომპანიების მიზანი სწორედ ინოვაციების დანერგვაა, თუმცა ხშირ შემთხვევაში ამ პროცესში მომხმარებლის მხრიდან მზაობა არ არის.

"„ელემენტ ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიების თვითმიზანი საქართველოში ინოვაციების შემოტანა და დანერგვაა, თუმცა ბაზარზე სიახლეების წარდგენა საკმაოდ რთულია. დამკვეთები და საბოლოო მომხმარებელი, რომელსაც დამკვეთი თავის პროდუქტს სთავაზობს, სიახლეებისთვის მზად არ არიან. ეს შეიძლება ხმამაღალი განაცხადი იყოს, თუმცა ბაზრის შესწავლიდან გამომდინარე, ეს რეალობა გვაქვს. სექტორში ახალი მიდგომების და ინოვაციების შეტანისთვის მზაობა არ არის. გვესმის, რომ სიახლეები ერთი მხრივ მშენებლობის თვითღირებულებას ზრდის, თუმცა მეორე მხრივ ინოვაციებს მშენებლობის ტექნოლოგიები ბევრად უფრო მაღალ საფეხურზე გადაჰყავს“, - განმარტა ებელაშვილმა.

მისი თქმით, ჰოლდინგი მშენებლობის სფეროში ახალი მიდგომების დანერგვის მიმართულებზე ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, 10-მდე შვილობილი კომპანიისგან შემდგარი ჰოლდინგის სხვადასხვა მომსახურების ათვისებისა და ბიზნესის დივერსიფიკაციის პოლიტიკაც იქიდან გამომდინარეობდა, რომ თითოეულ კომპანიას ბაზარზე ინოვაციების შემოტანის და ახალი სტანდარტების განვითარების ვალდებულება ჰქონოდა.

„დღეისთვის, ჩემი შეფასებით და ბაზრის კვლევიდან გამომდინარე, ჩვენი შვილობილი კომპანიები ინოვაციის დანერგვას საკმაოდ კარგად ართმევენ თავს. ამ მხრივ გამოირჩევა ჩვენი ელექტროსაინჟინრო კომპანია „ზერონი“, რომელიც საქართველოში BMI პროექტირების მიმართულებას გეგმავს, ასევე აქტიურად ვართ ჩართულები ე.წ. პრეკასტების, ეს რკინაბეტონის ანაკრები კონსტრუქციების წარმოებაში, რომელიც საქართველოში იმპორტირებულ პროდუქციას ჩაანაცვლებს. დაგეგმილია პროექტირების ჭრილში ინოვაციების შემოტანა, რომელზეც ინფორმაცია 2023 წლის განმავლობაში გავრცელდება“, - აღნიშნა „ელემენტ ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები