თბილისის მერიის პროექტის “ისწავლე და დასაქმდის” პრეზენტაციაზე კახა კალაძემ კადრების დეფიციტზე ისაუბრა და თქვა, რომ სამშენებლო სექტორში ამ მიმართულებით განსაკუთრებით დიდი პრობლემებია. მისივე თქმით, შრომით მიგრაციას ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესიც უწყობს ხელს.
“თანამდებობიდან გამომდინარე, სამშენებლო სექტორთან ყოველდღიური შეხება მაქვს, რადგან დედაქალაქში ბევრ პროექტს ვახორციელებთ და შემიძლია ვთქვა, რომ ამ მიმართულებით კადრების სერიოზული პრობლემაა. ვგულისხმობ კვალიფიციურ და პროფესიონალ კადრებს. ასევე უნდა აღნიშნოს, რომ სამუშაო ძალის გადინების დიდი მაჩვენებელია. ადამიანს აქვს სურვილი ევროპაში წავიდეს და უფრო მაღალი ანაზღაურება ჰქონდეს მისსავე საქმიანობაში. იმაში, რასაც დღეს საქართველოში საქმიანობით 2 000 ლარს იღებს, ევროპაში ამაში 2 000 ევროს და უფრო მეტს გადაუხდიან. რა თქმა უნდა, ადამიანს აქვს სურვილი, რომ წავიდეს და იქ განვითარდეს”,-აცხადებს კალაძე.
მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ 2018 წელს ამოქმედდა. პროგრამის მიზანია სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით სწავლება და დასაქმების ხელშეწყობა. პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას შრომის ბაზარზე მოთხოვნად 50-მდე სპეციალობაში მშენებლობის, ინჟინერიის, სურსათის ტექნოლოგიების და სხვა მიმართულებით.




























