"ოცნების" მთავრობის ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, უწყება სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს როგორც პარტნიორებს ისე უყურებს, თუმცა პროექტების განხორციელებისას თამაშის წესები ისეთი იქნება, რაზედაც სახელმწიფო საუბრობს.
რევაზ სოხაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ისიც თქვა, რომ ქვეყანაში ხარისხიანი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის ყველა კომპანია თამაშის წესებს უნდა მოერგოს.
"კარგად გვესმის, რომ როგორი სურვილებიც არ უნდა გვქონდეს, თუ ძლიერი, ხარისხზე ორიენტირებული სამშენებლო კომპანიები არ იარსებებენ, ვინც საბოლოო ჯამში ჩვენს ამ სურვილებს განახორციელებს, ბუნებრივია ჩვენ ვერ მივაღწევთ მიზანს. ჩვენ ამ სფეროს წარმომადგენლებს როგორც პარტნიორებს ისე ვუყურებთ, მათთან ერთად ქვეყნისთვის საკეთილდღეო საქმეების კეთება გვინდა, მაგრამ თამაშის წესები ისეთი იქნება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ვერანაირი კომპრომისი, ხარისხთან, დროსთან დაკავშირებით ვერ მოხდება. შესაბამისად ყველა ეს კომპანია ამ თამაშის წესებს უნდა მოერგოს. ვისთვისაც მიუღებელია და მე შემხვედრია კონტრაქტორი, რომელმაც მითხრა, რომ მთლად ასე ხარისხიანად თუ ააშენა, მას რა ხეირი - ასეთ კომპანიებთან ბუნებრივია, რომ სამწუხაროდ ჩვენი გზები ვერ გადაიკვეთება. ჩვენ არ შევიცვლით პოზიციას და ან მან უნდა შეცვალოს დამოკიდებულება ან სხვანაირად უნდა იმოქმედოს. შესაბამისად, გარკვეული გარდამავალი პერიოდია და იქნება გარკვეული სირთულეები, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ გაჯანსაღებულ, სწორად ორგანიზებულ პროცესს, რომელშიც პირველ რიგში სახელმწიფოს ინტერესი იქნება დაცული, საჯარო ინტერესი იქნება დაცული და ქვეყანაში გაცილებით უფრო ხარისხიან ინფრასტრუქტურას მივიღებთ, რომელიც ამ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის საფუძველი და წინაპირობაა", - განაცხადა რევაზ სოხაძემ.




























