მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კომპანია Samsung-ის საოპერაციო მოგება 80%-ით შემცირდა. სამხრეთ კორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა 2009 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი კვარტალური შედეგები დააფიქსირა, რაც პირდაპირ კავშირშია მსოფლიოს მასშტაბით კომპიუტერულ მოწყობილობებზე მოთხოვნის შემცირებასთან.
მოგეხსენებათ, პანდემიური ბუმის პერიოდში კომპიუტერებზე, ჩიპებსა და სმარტფონებზე მოთხოვნა რეკორდულად გაიზარდა, თუმცა ცხოვრების ნორმალური წესის დაბრუნებასთან ერთად, გაჯეტების ბუშტიც ჩაიფუშა, რაც ტექნოლოგიური კომპანიების შემოსავლებზე ნეგატიურად აისახა.
საერთო ჯამში, მესამე კვარტალში Samsung-მა 1 მილიარდ 700 მილიონი დოლარის საოპერაციო მოგება მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 80%-ით ნაკლებია. ასეთ დაბალ მოგებას ის განაპირობებს, რომ ჩიპების წარმოების დეპარტამენტი თითქმის $2-მილიარდიან ზარალზეა.
საგულისხმოა, რომ Samsung-ი მსოფლიოს მასშტაბით სმარტფონებით, ტელევიზორებისა და საყოფაცხოვრებო ნივთებითაა ცნობილი, თუმცა კომპანიის მთავარი შემოსავლის წყარო მიკროჩიპები და მეხსიერების ბარათებია. მათი გაყიდვები კი კატასტროფულადაა შემცირებული, პროდუქციის უდიდესი ნაწილი კი 70%-ითაა გაიაფებული, რაც სწორედ ამ არასახარბიელო შედეგებს განაპირობებს.