სამხრეთკორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Samsung-მა რობოტების წარმოების ახალი დეპარტამენტი შექმნა. როგორც ირკვევა, ახალი განყოფილება უშუალოდ კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს დაექვემდებარება.
სიახლის ფარგლებში, კორპორაციამ სტრატეგიის გუნდის ხელმძღვანელად აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ლი დონგკუნი დანიშნა. სპეციალისტი, რომელსაც Hyundai-ის სტრუქტურაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. საყურადღებოა, რომ ლი დონგკუნი წარსულში Boston Dynamics-ის განვითარების მიმართულებასაც პირადად კურირებდა.
როგორც Samsung-ში განმარტავენ, ახალი დეპარტამენტი რობოტული ტექნოლოგიების განვითარებასა და შექმნილი პროდუქტების კომერციალიზაციაზე იმუშავებს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარების ფონზე ახლოვდება დრო, როცა რობოტებში AI-ს ჩაშენება და მათი რეგულარულად გამოყენება ჩვეულებრივი მოვლენა გახდება. შესაბამისად, სამხრეთ კორეულ გიგანტს სურს მოვლენებს არ ჩამორჩეს და საკუთარი პროდუქტების შექმნით ბაზარზე მყარი პოზიცია დაიკავოს. ამ დროისთვის Samsung-ის რობოტების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ანალიტიკოსები მოელიან, რომ ტექ-გიგანტი აქცენტს ისეთ ჰუმანოიდ რობოტებზე გადაიტანს, რომლებიც თავდაპირველად საწარმოო ობიექტებზე განთავსდებიან. მოგვიანებით კი საცალო ვაჭრობის სექტორშიც გამოჩნდებიან.
შეგახსენებთ, Samsung-მა ჯერ კიდევ იანვარში განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ჰუმანოიდი რობოტების ბიზნესში შესვლას აპირებდა. აპრილში კომპანიამ დაადასტურა, რომ ისინი რობოტების განვითარებაზე ორიენტირებულ ადგილობრივ მცირე ზომის კომპანიებთან ითანამშრომლებდნენ და ახალ ინვესტიციებსაც ჩადებდნენ.




























