"შეეშვით ჭორაობას", - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები.
„რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა სამთავრობო გუნდში ცვლილებები, თქვენ ყოველთვის ცდილობთ, რომ შექმნათ განცდა, თითქოს რაღაც ხდება, რაც არასწორია. სამთავრობო ცვლილებებზე გადაწყვეტილებას იღებს პრემიერი და არა რომელიმე თქვენი რედაქტორი. აქედან გამომდინარე გთხოვთ, რომ შეეშვათ ამ ჭორაობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
რაც შეეხება შეკითხვას იმის შესახებ, რომ წლიური ანგარიშის დროს პრემიერმა მხოლოდ ორი მინისტრი მოიხსენია და მათ შორის ნათია თურნავა არ იყო, ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ მისთვის ყველაზე მაღალი აღიარება ეკონომიკურ წინსვლაზე საუბარია.
„პრემიერის გამოსვლის ძალიან მოცულობითი ნაწილი დაეთმო სწორედ ქართულ ეკონომიკას და ეკონომიკაში მიღწეულ დადებით შედეგებს. ეს არის ჩემთვის, როგორც ეკონომიკის მინისტრისთვის ყველაზე მაღალი აღიარება“, - აღნიშნა თურნავამ.