მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„სამთო კურორტზე ხალხია და ამ დროს საბაგირო გათიშულია... ასე უმოწყალოდ დენის ხარჯვა აუტანელია“ - ვიქტორ ჯაფარიძე

ვიქტორ ჯაფარიძე

„ხალხის ძალის“ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძის შეფასებით, პრობლემაა, როდესაც სამთო-სათხილამურო კურორტზე ხალხია ჩამოსული და ამ დროს საბაგირო გათიშულია. ამის შესახებ მან BM.GE-სთან, მესტიაში უკანონო ე.წ. მაინინგთან ბრძოლისა და გამრიცხველიანების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

ის განმარტავს, რომ მესტიაში ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარება არამხოლოდ „მაინინგის“, არამედ მაღალმთიანი რეგიონის დენზე დამოკიდებულების შედეგიცაა. ვიქტორ ჯაფარიძის ინფორმაციით, დღეს ახალი სასტუმროს აბონენტად რეგისტრირება სირთულეებს უკავშირდება, რადგან ქსელი გადატვირთულია. ეს კი მისი შეფასებით, ტურიზმს აზიანებს.

მთელ დღეს ვტრაბახობთ - იცით რა კურორტს ვაკეთებთ, იმას ვშვრებით, ამას ვშვრებით და ბრახ, დენი არ არის. სასტუმროში დენი არ არის, დენი არ არის - ცხელი წყალი არ არის; დენი არ არის - სასტუმროში ცივა. კიდევ ერთ რამეს გეტყვით, 2012 წლამდე მესტიაში ერთი სამვარსკვლავის დონის სასტუმრო იყო და დანარჩენი 25 "გესთჰაუსები" იყო. დღეს, სასტუმროების და საოჯახო სასტუმროების რაოდენობა 800-ს გადასცდა. ამას [ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას] მე მარტო მაინერებსაც არ დავაბრალებდი იმიტომ, რომ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ყველა ამ სასტუმროს - 10-ნომრიანს, 15-ნომრიანს, 20-ნომრიანს - ყველას აქვს მოწყობილი გათბობა, ცხელი წყალი, ცივი წყალი... მერე მოსახლეობაც როგორ არის და ყველას აქვს გათბობა - ცივ ოთახში არავის სძინავს. ყველას აქვს ელექტროღუმელი ჩართული და დარწმუნებული ვარ, ესეც ძალიან დიდი ხარჯია.

ეს საკითხი კომპლექსურად გასარკვევია - რა, როგორ არის და დარწმუნებული ვარ სწორ გადაწყვეტილებამდე მივალთ. აი ნახეთ ახლა თუ პირობითად ბიზნესმენი ხართ, რომელსაც გინდათ ჩამოხვიდეთ მესტიაში და გახსნა ახალი, მაგარი სასტუმრო „მიშელინით“, თქვენ „ენერგო-პროსგან“ ჩართვის ნებართვას ვერ მიიღებთ, იმიტომ რომ პრაქტიკულად ხაზიც არ არსებობს, ვერ მიიღებ ელექტროენერგიას, რადგან ის ხაზები გადატვირთულია და ახალ აბონენტად ვერ დაგარეგისტრირებენ. ანუ ამ მხრივ მესტია გაჩერებულია, დაპაუზებულია.

ამიტომ, ჩემი აზრით, პირველი და უმთავრესი, ალბათ, ამ მაინერების ამოღება იქნება“, - აცხადებს ვიქტორ ჯაფარიძე.

„ხალხის ძალის“ დეპუტატის დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობის ინტერესებსაც გაითვალისწინებს და გამრიცხველიანების შემდეგ მხარდაჭერის შესაბამის მექანიზმსაც შეიმუშავებს. ის აცხადებს, რომ ამ პროცესში ადგილობრივების ინტერესებს დაიცავს, თუმცა დენის „უმოწყალო ხარჯვას“ შეეწინააღმდეგება.

„დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება რამდენიმე ვარიანტს დადებს, რომ სვანეთი არ ჩაბნელდეს. მაგალითად, გეტყვით, რომ სასტუმრო დენზეა დაერთებული და დენზე ფუნქციონირებს. პირობითად 10-ნომრიანი სასტუმრო იყოს. 10-ნომრიან სასტუმროს თბილისში, ჩემი აზრია ასეთია, რომ თბილისში გაზით ხდება გათბობა, და რადგან სვანეთში ალტერნატივა არ არსებობს, ალბათ, დამაბალანსებელი მიდგომა უნდა იყოს, რომ რაც გაზის ფასია, იგივე გადაიხადოს [დენშიც], რომ რომ თბილისი, ზუგდიდში რასაც იხდის სასტუმრო, იგივე გადაიხადოს ვთქვათ ჩვენთანაც. რაღაც ფორმას აუცილებლად იქნება… ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლება ამას სხვანაირად არ გააკეთებს, მაგრამ ასე უმოწყალოდ დენის ხარჯვა აუტანელია.

[ეს საკითხი] კომპლექსური და გადაწყვეტადიც არის. ახლა კიდევ, უფასო არის მკვდრისთვის კუბო, თორემ ოჯახის პატრონი მაგასაც ყიდულობს. ამ ქვეყანაზე უფასო არაფერი არსებობს და მით უმეტეს ელექტროენერგია, ცოტა ისეთი ფუფუნებაა. მით უმეტეს სამთო-სათხილამურო კურორტზე ჩამოსულია ხალხი და ამ დროს საბაგირო გათიშულია“, - ამბობს ჯაფარიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები