მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე მშენებარე ხიდის ჩამოშლის საექსპერტო კვლევა დასრულების ეტაპზეა - საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი
BM. GE
12.09.23 18:13
84

მიმდინარე წლის 22 თებერვალს სამტრედია-გრიგოლეთის I მონაკვეთზე მშენებარე ხიდი დაზიანდა. კერძოდ, მშენებარე ხიდს მე-8 ბურჯი გამოეცალა. გზების დეპარტამენტში მაშინ განმარტავდნენ, რომ დაზიანების მიზეზების შესწავლა დაიწყო.

დღეს კი საავტომობილო გზების დეპარტამენტი აღნიშნული მაგისტრალური გზის პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რითაც ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.

„პარტიის წარმომადგენლები, მიუხედავად არაერთი საჯარო განმარტებისა, ყოველგვარი დასაბუთების, მტკიცებულების ან ფაქტის გარეშე, აგრძელებენ ტყუილი ბრალდებების გავრცელებას მოსახლეობის შეცდომაში შეყვანისა და სახელმწიფო უწყების დისკრედიტაციის მიზნით.

საქმე ისაა, რომ მდინარე რიონზე, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში მშენებარე საავტომობილო ხიდის ორი მალის ნაშენის ჩამოშლის მიზეზებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, კომპლექსურად იკვლევს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო.

დაზიანებულ ხიდზე ჩასატარებელი საინჟინრო-სამშენებლო სამუშაოების განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გაცემული დასკვნის საფუძველზე.

ჩვენი ინფორმაციით, საექსპერტო კვლევა უკვე დასრულების ეტაპზეა და დასკვნის მიღებისთანავე, შემუშავდება ხიდის საინჟინრო-სამშენებლო პროექტი, რაზეც საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას.  ამასთან, ფაქტთან დაკავშირებით, პარალელურად, მიმდინარეობს გამოძიება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში, სულ 51 კმ-იანი მაგისტრალური გზა შენდება, რომელიც 4 მონაკვეთად არის დაყოფილი. აქედან, ორი მონაკვეთის, ჯამში, 28 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულებულია, ხოლო მესამე, 12 კმ-იან მონაკვეთზე, შეუსრულებელი ვალდებულებების გამო მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკის წესებით ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია აგრძელებს და მშენებლობის დასრულების სახელშეკრულებო ვადა 2024 წელია. პირველი, 11.5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას კი, შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ორ კომპანიასთან შეწყვეტილი ხელშეკრულებების შემდეგ, აგრძელებს ქართული კომპანია, სადაც დასასრულებელია მხოლოდ ხიდის 800-მეტრიანი მონაკვეთი.

„ტყუილი და მანიპულაციაა ისიც, რომ თითქოს სამტრედია-გრიგოლეთის პროექტის განხორციელების პერიოდში, პროექტის ღირებულება ოთხჯერ არის გაზრდილი. სწორედ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ოპონენტები პროექტით გათვალისწინებული ერთი მონაკვეთის ღირებულებას ადარებენ პროექტის ოთხივე მონაკვეთის ღირებულებასთან, რაც ბუნებრივია, მეტი იქნება ერთი მონაკვეთის ღირებულებაზე.

ამასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სამტრედია-გრიგოლეთის პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო არბიტრაჟში აწარმოებდა სამართლებრივ დავას პროექტის ორ მშენებელ კომპანიასთან, რომლის საფუძველზეც საავტომობილო გზების დეპარტამენტის სასარგებლოდ, კომპანიებს დაეკისრათ, ჯამში, დაახლოებით 120 მილიონი ლარის ანაზღაურება. მესამე კონტრაქტორთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ კი, მის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომების ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხულია 18 მილიონი ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებები კორუფციასთან დაკავშირებით, არის მხოლოდ ცილისწამება და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები