მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ მონაკვეთზე სადაც ხიდი ჩავარდა საარბიტრაჟო წარმოება გრძელდება

სამტრედია გრიგოლეთის ხიდი

დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ საკითხს სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ ლოტთან დაკავშირებული საარბიტრაჟო წარმოების შესახებ. საკითხს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე წარადგენს.

“საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ00+000-კმ11+500 მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში საარბიტრაჟო დავის წარმოებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ,”- ნათქვამია მთავრობის სხდომის დღის წესრიგში.

დოკუმენტის პროექტის სახელში დაკონკრრეტებული არაა, რომელ კონტრაქტორთან დავას შეეხება აღნიშნული განკარგულების პროექტი, თუმცა სავარაუდოდ საუბარია აზერბაიჯანულ კომპანია “აკკორდზე”, რადგანაც გზის პირველ კონტრაქტორთან, “ალტკომთან” მრავალწლიანი საარბიტრაჟო დავა უკვე დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ მონაკვეთზე, რომლის საერთო სიგრძე 11,5 კილომეტრია, 26 მიწისქვეშა გასასვლელის და წყალგამტარი მილის მოწყობა და 8 სახიდე გადასასვლელის, მათ შორის - 3 ხიდის და ერთი რკინიგზაზე გასასვლელი ხიდი-ესტაკადის მშენებლობა იგეგმებოდა. სამუშაოები 2014 წელს დაიწყო და 2016 წელს უნდა დასრულებულიყო. გზის მშენებლობას უკრაინული კომპანია „ალტკომი“ ახორციელებდა. კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მხოლოდ 24% შეასრულა. დეპარტამენტმა კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა და საავანსო თანხის ამოსაღებად ( 18 338 910 ევრო) საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა და დავა მოიგო.

მონაკვეთის დარჩენილ სამუშაოებს კომპანია „აკორდი“ 2018 წლიდან ახორციელებდა, რომელმაც ასევე არაჯეროვნად შეასრულა სამუშაოები, რის შემდეგაც მასთან კონტრაქტი შეწყდა და დავა დაიწყო. 2021 წელს კი მთავრობამ ახალი ტენდერი გამოაცხადა, რათა პროექტის საბოლოო კონტრაქტორი შეერჩია. ტენდერში კომპანია „ჯეუ გრუპმა” გაიმარჯვა, რომელსაც 73.7-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმდა.

2023 წელს თებერვალში კი კომპანია “აკკორდის” მიერ აშენებული ხიდის ბურჯები ჩავარდა. ექსპერტიზის დასკვნით, ხიდის ჩავარდა არაჯეროვნად შესრულებულმა სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვიეს. შედეგად გზა, რომელიც თავდაპირველად 2016 წელს უნდა დასრულებულიყო რვაწლიანი ვადაგადაცილებით მიმდინარეობს, რასაც თან საარბიტრაჟო დავებიც სდევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები